კორონავირუსი

ისლანდიაში ჩატარებული ტესტების მიხედვით COVID-19-ით ინფიცირებულთა 50%-ს სიმპტომები არ აქვთ

CNN

ისლანდიაში კორონავირუსზე ტესტირება 17,900 ადამიანს ჩაუტარდა, რაც მოსახლეობის თითქმის 5%-ია. ტესტირება ჩაუტარდა არა მხოლოდ რისკ-ჯგუფში მყოფ პაციენტებს და მათ, ვისაც სიმპტომები გამოუვლინდათ, არამედ მათაც, ვისაც სიმპტომები არ ჰქონიათ, რისკ-ჯგუფს არ წარმოადგენდნენ და კარანტინში არ იყვნენ მოთავსებული.

ტესტების 1% დადებითი აღმოჩნდა. ბიოფარმაცევტული კომპანია deCODE-ის დამფუძნებელმა კარი სტეფანსონმა, რომელმაც ტესტირება ჩაატარა CNN-თან თქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 50%-ის დროს პაციენტს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

მისი თქმით ეს ადასტურებს იმ ჰიპოთეზას, რომ ვირუსის გადაცემაში დიდი წვლილი მოდის ასიმპტომურ და მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანებზე.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით შედეგებში შესაძლოა მცირე ცდომილება იყოს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირება შემთხვევითი შერჩევით ხდებოდა, ის ნებაყოფლობითი იყო.

სტეფანსონის მიხედვით ტესტირების შედეგად მოხერხდა ვირუსის წარმომავლობის დადგენაც და აღმოჩნდა, რომ იტალიაში, ავსტრიასა და დიდი ბრიტანეთში ვირუსმა მცირე მუტაცია განიცადა. ასევე განსხვავებულია აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე გავრცელებული ვირუსიც. ამის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა სწორედ ეს მუტაცია იყოს სიმპტომების და  დაავადების სიმძიმის განმსაზღვრელი, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

ისლანდიაში ამ დროისათვის ვირუსის 1,220 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაიღუპა 2 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 236. ვირუსის გავრცელების მიუხედავად ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის ზომები არ შემოუღიათ. დაიხურა სკოლები და აიკრძალა 100 ადამიანზე მეტის შეკრება. სანაცვლოდ, ქვეყნის მთავრობა გეგმავს გააგრძელოს მოსახლეობის ტესტირება. მათი თქმით დამატებითი აკრძალვების შემოღება საჭირო არ არის, რადგან ტესტირების მეშვეობით აკონტროლებენ ვირუსის გავრცელებას და ის ადამიანები, ვისაც ვირუსი დაუდასტურდათ ან რისკ-ჯგუფში შედიან მკაცრ კარანტინში იმყოფებიან. ისლანდიაში მოსახლეობის ტესტირება თებერვლის დასაწყისში დაიწყო.

სტეფანსონის თქმით ისლანდიაში მდგომარეობა ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესია, რადგან ქვეყანამ თავიდანვე საჭირო ზომები მიიღო:

"ჩვენ უფრო ყურადღებით ვიყავით. სერიოზულად მივიღეთ ეპიდემიის დაწყება ჩინეთში. მხრები არ აგვიჩეჩავს და არ გვითქვამს "ალბათ არაფერი საყურადღებო არ არის.""

სტეფანსონი ვარაუდობს, რომ მისი კომპანია სულ მცირე 50,000 ადამიანს, კუნძულის მოსახლეობის 13%-ს ჩაუტარებს.

კომენტარები