საპატრიარქო პანდემიის გადავლას სააღდგომოდ ელოდება - სახელმწიფო აღდგომიდან ორ კვირაში პიკს

ტვ პირველი

საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში პოლიტ-ქალაქი განაცხადა, რომ საპატრიარქოში სააღდგომოდ "სიტუაციის განმუხტვას" ელოდებიან.

"ჩვენ სააღდგომოდ არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, როგორ შევძლებთ მსახურება სრულფასოვნად, მრევლთან ერთად აღესრულოს და ამავდროულად არ დაირღვეს კომენდანტის საათი. მორწმუნემ მხედველობაში უნდა მიიღოს ის რეკომენდაციები, რაც ხელისუფლებიდან და ჯანდაცვის მესვეურთაგან მოდის. მითუმეტეს, ვხედავთ, რომ ეს ხალხი ნდობას იმსახურებს იმიტომ, რომ მათი მუშაობა ეფექტურია და შეგვიძლია, ვენდოთ მას და გავითვალისწინოთ. კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, თუმცა ჩვენ სააღდგომოდ ველოდებით, რომ სიტუაცია განიმუხტება. უნდა შევხედოთ, რა ვითარება იქნება იმ დროისათვის. ჩვენ ხელისუფლებასთან ამაზე აუცილებლად გვექნება საუბარი - რა შეიძლება, შევთავაზოთ ხელისუფლებას და რას შეიძლება, ველოდოთ მათგან სიტუაციის მიხედვით", - თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ ელოდება "სიტუაციის განმუხტვას" 19 აპრილისთვის - ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირებათა პიკს ქვეყანა მაისის დასაწყისში, აღდგომიდან ორ კვირასი მიაღწევს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ რელიგიური დღესასწაულები ტრადიციული ფორმით ჩატარდება, შეიძლება, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება იყოს.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-ის მიღებული გადაწყვეტილებისა, დახუროს მორწმუნეთათვის ღვთისმსახურება, საქართველოს ეკლესია ტაძრებში მხოლოდ საეროების დისტანცირებას დათანხმდა, თუმცა მათ კვლავ ერთი კოვზით აზიარებს, რაც დისტანცირებას აზრსმოკლებულად აქცევს. 

 

კომენტარები