ჩეხეთი - რუსეთი

პრაღაში საბჭოთა მარშალის ძეგლის აღების შემდეგ მოსკოვში ჩეხეთის საელჩოს თავს დაესხნენ

მას შემდეგ, რაც 3 აპრილს პრაღაში საბჭოთა კავშირის მარშალის ივან კონევის ძეგლი აიღეს, 5 აპრილს მოსკოვში რამდენიმე ნიღბიანი პირი ჩეხეთის საელჩოს თავს დაესხა.

თავდამსხმელებმა საელჩოს ტერიტორიაზე კვამლის გამშვებები შეაგდეს და განათავსეს ბანერი წარწერით "შეწყვიტეთ ფაშიზმი".

ჯგუფმა სახელად "სხვა რუსეთი", რომელიც 2007 წელს აკრძალული ნაციონალური ბოლშევიკური პარტიის წევრებისგან შედგება, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ჩეხი ოფიციალური პირებისთვის, რომლებმაც 3 აპრილს მარშალ კონევის ძეგლი აიღეს.

"ჩვენი ტანკები პრაღაში იქნება!" - აცხადებენ ისინი.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა ვანდალიზმის აქტად შეაფასა, დამო და ამ ქმედების ჩამდენ ორგანიზაციას ექსტრემისტული უწოდა:

"ჩეხეთის რესპუბლიკა დიპლომატიური მისიის უძრავ ქონებაზე თავდასხმას აპროტესტებს, რომლის დაცვა მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებაა... ვიმედოვნებთ, რომ რუსი მაღალჩინოსნები მიიღებენ ზომებს, რათა ასეთი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ".

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს კონევის ძეგლის აღების გადაწყვეტილებაზე პრაღაში რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ ამ ქმედებას შესაბამისი პასუხის გარეშე არ დატოვებდნენ.

ჩეხეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იმ ადგილას, სადაც კოვევის ძეგლი იდგა პრაღის აჯანყების მებრძოლების საპატივცემულოდ ახალ ძეგლს აღმართავენ, რომლებმაც ქალაქი ნაცისტებისგან მეორე მსოფლიო ომის დასასრულს გაათავისუფლეს მანამ, სანამ კონევი საბჭოთა ჯარით მოვიდოდა.

მარშალი ივან კონევი წითელ არმიას უძღვებოდა, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1945 წლის 9 მაისს შევიდა. კონევი 1956 წლის უნგრეთის აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდა, 1961 წელს ბერლინის კედლის მშენებლობის დროს ის აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარს ხელმძღვანელობდა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ კონევი 1968 წელს პრაღის გაზაფხულის დროს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ძალების შემოჭრის დაგეგმვაშიც მონაწილეობდა. 

ესტონეთის დედაქალაქ ტალინის ცენტრიდან წითელი არმიის ჯარისკაცის ძეგლი აიღეს. გადაწყვეტილებას ტალინში პროტესტი მოყვა. ამავე წელს რუსეთმა ესტონეთზე კიბერთავდასხმა განახორციელა.

კომენტარები