აშშ-საქართველო

ელჩი დეგნანი: აშშ საქართველოს 2 000 სწრაფ ტესტს გადასცემს

კელი დეგნანი
dvidshub.net

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ამერიკის მთავრობა საქართველოს 2 000 სწრაფ ტესტს გადასცემს. ამის შესახებ დეგნანმა COVID-19-ზე რეაგირებისთვის აშშ-ის მიერ საქართველოს დახმარებაზე საუბრისას განაცხადა

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2 000 ერთეული მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა," - აღნიშნა მან.

დეგნანის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის ასევე გამოიყო 1,1 მილიონი დოლარი ჯანდაცვის მიზნებისთვის.

მანვე აღნიშნა, რომ საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს, 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას.

"ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ, ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია," - აღნიშნა ელჩმა. 

დეგნანმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ, სოციალური დისტანციისა და კომენდანტის საათის დაცვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ახლა ყველაფერი თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული. 

კომენტარები