კორონავირუსი რუსეთში

პუტინი კორონავირუსთან ბრძოლაზე: საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალები უნდა გამოვიყენოთ

ვლადიმირ პუტინი
AFP

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მინისტრებს მიმართა და თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების "ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ" კორონავირუსთან ბრძოლაში.

"ვხედავთ, რომ სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება. სამწუხაროდ, უკეთესობისკენ არ იცვლება. დაავადებულთა რიცხვი იზრდება, მათ შორის უფრო და უფრო მეტი შემთხვევაა დაავადების მძიმე ფორმის. შემდეგი კვირა ბევრი კუთხით გადამწყვეტი იქნება." თქვა მან ვიდეო კონფერენციისას.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის იტალიამ ჯანდაცვის კრიზისთან გასაკმლავებლად სამხედრო ძალები ჩართეს:

"ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შესაძლებლობები, თუ საჭირო გახდა, შესაძლოა და უნდა გამოვიყენოთ."

რუსეთში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა, ოფიციალური მონაცემებით, 18,328-ს მიაღწია, დაიღუპა 148, გამოჯანმრთელდა 1,470 ადამიანი. დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქ მოსკოვში გამოვლინდა. ამის გამო ამოქმედებულია საყოველთაო კარანტინი.

13 მარტს მოსკოვში ახალი ვებ-გვერდი ამოქმედდა, სადაც მიმდინარე კვირაში უნდა გააქტიურდეს მოქალაქეებისათვის კარანტინის დროს გადაადგილების ნებართვის სისტემა, თუმცა საიტი მალევე გაითიშა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე თავდასხმა ჰაკერებმა მოაწყვეს.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა "კონტროლის ჭკვიანი სისტემის" შესახებ გასულ თვეს გამოაცხადა, რაც სპეციალური საშვების გაცემას გულისხმობს. მოქალაქეებს ეს საშვები სახლების დასატოვებლად დასჭირდებათ. 

მოსკოვის ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, მერიის ვებ-გვერდზე დარეგისტრირდეს და მიუთითოს საცხოვრებელი ადგილი. სისტემა მათ QR კოდს მიანიჭებს, რაც სახლის დატოვების უფლებას განუსაზღვრავს. პოლიციის მოთხოვნის შემთხვევაში, მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, სწორედ ეს კოდი წარმოადგინონ.

ახალი შეზღუდვები არ შეეხება მათ, ვისაც სპეციალური საშვები იქნებათ, რომლებსაც, საჭიროების მიხედვით, მერია გასცემს.

მოსკოვში საყოველთაო თვითიზოლაციის რეჟიმი 29 მარტს ამოქმედდა. მოსახლეობას სახლების დატოვება მხოლოდ შემდეგი მიზეზების გამო შეუძლია: სამედიცინო დახმარების მიღება, სამსახურში წასვლა, უახლოეს მაღაზიაში ან აფთიაქში წასვლა, შინაური ცხოველის გასეირნება სახლიდან 100 მეტრის რადიუსში, ნაგვის გადაყრა.

გარდა ამისა, რუსეთი ქვეყანაში შემოღებული კარანტინის პირობებში მოსახლეობის გადაადგილების გასაკონტროლებლად სახის ამომცნობ ტექნოლოგიას იყენებს.

მოსკოვში სახის ამომცნობი, სათვალთვალო სისტემა მიმდინარე წელს დაინერგა და მას მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში კი, მოსკოვის პოლიციამ ამ სისტემის საშუალებით 200 ადამიანი კარანტინის ზომების დარღვევისათვის დაიჭირა და დააჯარიმა. რუსული მედიის ცნობით, ამ პირებიდან რამდენიმე გარეთ მხოლოდ ნახევარი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, როდესაც კამერამ დააფიქსირა.

ამჟამად რუსეთის დედაქალაქში არსებულ ამ სისტემაში 170,000 კამერაა ჩართული და კიდევ 9,000-ის დამატება იგეგმება.

მოსკოვის მერის თქმით, ამ სისტემას იმ პირების კონტაქტების გასაანალიზებლადაც იყენებენ, ვინც შესაძლოა ვირუსით იყოს ინფიცირებული. სერგეი სობიანინმა თავის ბლოგში აღწერა, როგორ უთვალთვალებდნენ ჩინელ ქალს, რომელიც პეკინიდან მოსკოვში თებერვალში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, სისტემამ აღრიცხა მძღოლი, რომელმაც ის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, მეგობრები, ვისაც შეხვდა და იმავე შენობაში მცხოვრები 600-მდე ადამიანი.

გარდა ამისა, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა, რუსეთის კომუნიკაციების სამინისტროს დაავალა, მთელი ქვეყნის მასშტაბით აემუშავებინათ სისტემა, რომელიც მობილური ოპერატორებისაგან კონკრეტული პირის ადგილმდებარეობის მონაცემებს მოიპოვებს. მონაცემები ანონიმური არ იქნება. ის ადგილობრივ სამართალდამცველებს გადაეგზავნებათ, რათა შესაძლო ინფიცირებული პირი კარანტინში გადაიყვანონ.

რუსეთში მოქმედ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს ტექნოლოგიები, შესაძლოა, მომავალში კრემლმა მოსახლეობაზე სათვალთვალოდ გამოიყენოს.

კომენტარები