კორონავირუსი და ეკლესია

მიტროპოლიტი იობი: საგანგებო მდგომარეობა მასონური გადაწყვეტილებაა

0 კომენტარი
ფოტო: reginfo

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კანონს არ ემორჩილება და სხვა მღვდელმთავრების მსგავსად, ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს. დღევანდელ ქადაგებაში მან ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ადამიანების კონტროლისთვის შექმნილი მასონური გადაწყვეტილება უწოდა.

ის მრევლს კანონდარღვევისკენ მოუწოდებს და სთხოვს, აღდგომის წირვას დაესწრონ. ეკლესიის მაღალიერარქი ფიქრობს, რომ Covid 19 ჩვეულებრივი ვირუსია, რადგან ის მხოლოდ მოხუცებს კლავს, რომლებიც ისედაც უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან. მისივე თქმით, აბორტი უფრო დიდი საფრთხეა, მაგრამ ამისთვის საგანგებო მდგომარეობა არავის გამოუცხადებია.

მიტროპოლიტ იობს დღევანდელ ქადაგებაში არაფერი უთქვამს საფრთხეზე, რომელიც ადამიანებს ერთად შეკრების და ერთი კოვზით ზიარების გამო ემუქრებათ.

"მთავარი უნდა იყოს პატრიარქის მოწოდება და არა - ურწმუნო მთავრობის და ექიმების. ჩვენ ღმერთს ვესავთ, როგორც ვესავთ, ისეთივე წყალობა გვექნება უფლისაგან. სასოება ეს არის იმედი, რწმენა. თუ ჩვენ რწმენით მივალთ,ჩვენზე არანაირი განსაცდელი არ იქნება [...]. როგორც მენელსაცხებლე დედებმა გაიხარეს უფლის ბრწყინვალე აღდგომა მკვდრეთით, ისე სიხარული ჩვენზე გადმოვა, ვინც აღდგომის დღესასწაულს დაესწრება.

ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო. საქართველო, მათ შორის. უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს. მსხვერპლი არის ამით.თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. დაუბადებელ ჩვილზე არავინ ფიქრობს. რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება იმისთვის, რომ ჩასახული ბავშვები დაიბადონ.

ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა,თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა",- თქვა მან.

მიტროპოლიტმა იობმა ასევე ფიქრობს, რომ სასულიერო პირის დაინფიცირება მისმა ცოდვებმა გამოიწვია.

"დღეს ამბობენ, რომ აი, სასულიერო პირი დაავადდა. სასულიერო პირი არ სცოდავს? ის ანგელოზი ხომ არ არის. შეიძლება ცოდვის ნაყოფია, რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით - თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა. შემთხევით არაფერი ხდება. რახან შესცოდა... ყველა ვცოდავთ, მეც ვცოდავ.. არ არის კაცი, რომელიც არა სცოდოს და არ სცხონდეს".

ქადაგების დასასრულს კი თქვა:

"აღდგომა ყოფილიყოს Covid 19-ის დამამრცხებელი. იმედი უნდა გვქონდეს, რომ სწორედ მაგ დღეს დამარცხდება ვირუსი".

მიტროპოლიტი იობი გამონაკლისი არ არის - კანონდარღვევისა და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისკენ მოსახლეობას ყველა მაღალიერარქი უბიძგებს, მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც.

ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიად გამოცხადდა. Covid 19 ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით, ყველა აქამდე ცნობილ ვირუსზე მარტივად გადადის და განსაკუთრებულ საფრთხეს ასაკით უფროს ადამიანებს, ასევე, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირებს უქმნის.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის გამოწერილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდება, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები