კორონავირუსი და ეკლესია

დეკანოზი ანდრია: აღდგომის ღამეს მრევლი 21:00 სთ-მდე მოვა ეკლესიაში და 06:00 სთ-ის შემდეგ წავა

მთავარი არხი

საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, აღდგომის ლიტურგიასთან დაკავშირებით საპატრიარქომ და საქართველოს მთავრობამ შეთანხმებას მიაღწიეს. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, აღდგომის ღამეს მოქალაქეები ლიტურგიას დაესწრონ, ხელისუფლება კი ტაძრებში სოციალურ დისტანცირებას უზრუნველყოფს.

ჯაღმაიძის თქმით, კომენდანტის საათის გათვალისწინებით, მრევლი ტაძრებში 21:00 საათამდე მივა და მას სააღდგომო ლიტურგიის შემდეგ, დილის 06:00 საათზე დატოვებს. 

"ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რომ მრევლს შეეძლება მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში"- ამბობს დეკანოზი და აღნიშნავს, რომ სხვა შეზღუდვები უნდა იყოს გათვალისწინებული, "შეეხება ეს ასაკობრივ ჯგუფს, ყველა რისკჯგუფს, იქნება ეს დაავადების მქონე, თუ რაიმე სიმპტომების მქონე, ასევე ბავშვებს". 

ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით, ყველა აქამდე ცნობილ ვირუსზე მარტივად გადადის. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის გამოწერილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდება, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 128 ათასზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა 15%-ს 80 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ.

საქართველოში, 15 აპრილის 17:00 საათის მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 306 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი, დაიღუპა - 3.

კომენტარები