სუს

EMC: შეიხი მირტაგი ასადოვი სუს-ში დაიბარეს, გამოძიება საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს

Facebook/ Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, შეიხი მირტაგი ასადოვი და საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. 

ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას უწყებაში ცდილობს, სადაც გვითხრეს, რომ მოგვიანებით დაგვირეკავენ. 

EMC სუს-ის გამომძიებლის განმარტებაზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს. ორგანიზაციის ცნობით, უწყებას მათთვის არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

"მირტაგი ასადოვი ამ პროცესს გუშინ ტელეკომპანია მთავარში მის მიერ მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც მან განმარტა, რომ საქართველო არ არის თეოკრატიული ქვეყანა, ის სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა "ჩვენ-სხვები" სწორი არ არის. ჟურნალისტის კითხვაზე კი, თუ რას ფიქრობდა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ეკლესიები არ დაიკეტებოდა დღესასწაულზე, მან კითხვითვე უპასუხა: "მაშინ ჩვენ გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ პრემიერმინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა". მირტაგის განმარტებით ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვა იყო,"- წერია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ორგანიზაცია მირტაგი ასადოვსა და სხვა პირებს იურიდიულ დახმარებას უწევს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე საათაში მათი ადვოკატი მარნეულში, სუს-ის შენობაში მირტაგი ასადოვთან და სხვა დაბარებულ პირებთან ერთად მივა.

კომენტარები