კორონავირუსი გერმანიაში

გერმანიაში დღეიდან, 20 აპრილიდან, შეზღუდვების ეტაპობრივი შერბილება იწყება

REUTERS

დღიდან, 20 აპრილიდან, გერმანია კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების შერბილებას იწყებს.

ქვეყნის მასშტაბით თანდათანობით გაიხსნება ყველა მაღაზია, რომლის ფართობი 800 კვადრატულ მეტრს არ აჭარბებს.

გარდა ამისა, გაიხსნება ყველა ზომის ავტომობილების, წიგნებისა და ველოსიპედების მაღაზია, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კი ზოოპარკებიც.

ცვლილებები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ძალაში თანდათანობით შევა. მაგალითისთვის, ბერლინსა და ბრანდენბურგში მაღაზიები 23 აპრილიდან, ხოლო ტურინგიაში 24 აპრილიდან გაიხსნება, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობას კი ავეჯის სახლების გახსნაც სურს.

მოქალაქეები ხელახლა გახსნილ მაღაზიებში პირბადეების გამოყენებით შევლენ და სხვებისგან დისტანციას დაიცავენ. მაღაზიებში შესვლა-გამოსვლას კერძო კომპანიები გააკონტროლებენ. დისტანციის სიგრძე 1.5 მეტრს შეადგენს.

გარდა ამისა, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში 20 აპრილიდანვე განაახლებენ მუშაობას სკოლები. ბერლინში, ბრანდენბურგსა და საქსონიაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საგამოცდო და მოსამზადებელი პერიოდისათვის დაბრუნდებიან სკოლებში. ქვეყნის სხვა ნაწილებში ეს ცვლილება რამდენიმე დღის შემდეგ შევა ძალაში, ზოგან კი მაისში.

გერმანიაში კვლავ ძალაში რჩება კონტაქტების შეზღუდვა - აკრძალულია ორზე მეტი ადამიანის თავყრილობა, თუ ისინი ისედაც ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობენ. გარდა ამისა, 31 აგვისტომდეა აკრძალული მასობრივი შეკრებები. რესტორნები და კაფეები კვლავ დაკეტილია და მხოლოდ გატანის სერვისია ხელმისაწვდომი.

ამ დროისთვის დაკეტილი რჩება კულტურული დაწესებულებები, აუზები, სათამაშო მოედნები, სავარჯიშო დარბაზები და სილამაზის სალონები. თუმცა სილამაზის სალონებს 4 მაისიდან ექნებათ გახსნის უფლება.

გერმანიაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის 145 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 4642 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 91 500 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნადაა შენელებული - რობერტ კოხის დაავადების კონტროლის ინსტიტუტის ინფორმაციით, გერმანიაში ახალი ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების მაჩვენებელი 0.7-მდე დაეცა. ეს იმას ნიშანვს, რომ თუ გერმანიაში პირი დაინფიცირებულია, ის საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს აავადებს.

კომენტარები