ჩრდილოეთ კორეა

სამხრეთ კორეა უარყოფს ინფორმაციას, რომ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კიმ ჩენ ინი
Reuters

სამხრეთ კორეა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გულზე ჩატარებული ოპერაციის გამო მძიმეა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ არ არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ 36 წლის კიმის მდგომარეობა მძიმეა.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც კიმ ჩენ ინი 15 აპრილს მისი ბაბუის იუბილეს არ დაესწრო. მას მსგავსი ცერემონია არასოდეს გამოუტოვებია. კიმი სახელმწიფო მედიაში ბოლოს 12 აპრილს გამოჩნდა, როდესაც საბრძოლო თვითმფრინავების წვრთნებს ესწრებოდა. გასულ კვირას გამართულ სარაკეტო გამოცდას ის არ დასწრებია.

პირველად ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული პირების მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე გავრცელდა. ისინი წერდნენ, რომ კიმს გულზე პრობლემები გასული წლის აგვისტოდან აქვს. მოგვიანებით კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება. 2014 წელს კიმ ჩენ ინი 40 დღის განმავლობაში "გაუჩინარდა", რამაც მსგავსი სპეკულაციები გამოიწვია. მათ შორის ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის სამხედრო გადატრიალებისას დაამხეს. მაშინ სახლემწიფო მედიამ განაცხადა, რომ ქვეყნის ლიდერი ავად იყო.

კომენტარები