აშშ-ჩინეთი

აშშ-ის მისურის შტატი ჩინეთის მთავრობას კორონავირუსის პანდემიის გამო უჩივის

ABC

აშშ-ის მისურის შტატი ჩინეთის მთავრობას კორონავირუსის პანდემიის გამო უჩივის. სარჩელი ფედერალურ სასამართლოში შტატის გენერალურმა პროკურორმა შეიტანა. ერიკ შმიტი ამბობს, რომ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის საფრთხის შესახებ იცრუა და საკმარისი არ გააკეთა მისი გავრცელების სისწრაფის შესაჩერებლად:

"ჩინეთის მთავრობა პასუხისმგებელია უამრავ სიკვდილზე, ტანჯვასა და ეკონომიკურ ზარალზე, რაც მსოფლიოს მიაყენეს, მათ შორის მისურის. ჩინეთის მთავრობამ მსოფლიოს მოატყუა Covid-19-ის საფრთხის და გადამდები ბუნების შესახებ, გააჩუმა განგაშის ამტეხები და ძალიან ცოტა გააკეთა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მათ ამ ქმედებებზე პასუხი უნდა აგონ", - თქვა მან.

ჩინეთის წინააღმდეგ სარჩელი შეტანილი აქვთ ფლორიდის და ნევადას შტატებსაც. ისინი ვირუსის გამო უჩივიან როგორც ჩინეთის მთავრობას, ასევე ჰუბეის პროვინციას, ქალაქ ვუჰანს, ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიას და ამერიკელების ჯანმრთელობის და ბიზნესისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

აშშ-ის კანონები, ზოგადად, სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას კრძალავს, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა. მსგავს სარჩელებზე ვრცელდება 1976 წელს მიღებული აქტი, რომელიც უცხო ქვეყნების იურისდიქციულ სუვერენიტეტს განსაზღვრავს. გამონაკლისებს წარმოადგენს ტერიტორიული დავა და კომერციული აქტივობა, რომელსაც საკმარისი კავშირი აქვს აშშ-სთან. 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთს სიცრუეში ადანაშაულებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. კითხვაზე, რატომაა გლობალურად ვირუსისაგან გარდაცვლილთა რაოდენობაში აშშ-ის წილი ყველაზე მეტი, ერთერთ ბრიფინგზე ტრამპმა უპასუხა, რომ ზოგიერთი ქვეყანა იტყუება, მათ შორის ჩინეთი:

"ვინმეს მართლა სჯერა ზოგიერთი ქვეყნის მონაცემების?",- თქვა მან.

ტრამპისვე თქმით, აშშ იძიებს ვერსიებს იმის შესახებ, რომ ვირუსი ვუჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა. პეკინში აშშ-ის საელჩომ ვუჰანში არსებულ ორ ლაბორატორიაში უსაფრთხოების ზომების თაობაზე ეჭვი გამოთქვა.

ოფიციალური მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სულ ვირუსი ამ დროისათვის 819,175 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 45,343, გამოჯანმრთელდა 82,973 ადამიანი. მისურის შტატში ინფიცირებულთა რიცხვი 5,941-ს აღწევს, დაიღუპა 220 ადამიანი.

ჩინეთში კი აცხადებენ, რომ ვირუსის პიკმა გადაიარა, ქვეყანაში შიდა გადაცემის შემთხვევები აღარ ფიქსირდება და ახალი გამოვლენილი შემთხვევები საზღვარგარეთიდან არის იმპორტირებული. ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსი სულ 82,788 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 4,632, გამოჯანმრთელდა 77,151.

კომენტარები