კორონავირუსი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი: ზამთარში Covid-19-ის უარესი ტალღა გვემუქრება

რობერტ რედფილდი
NBC

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორმა რობერტ რედფილდმა თქვა, რომ ზამთარში აშშ-ს კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრება, რომელიც კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე ამჟამინდელი პანდემია, რადგან გრიპის სეზონს დაემთხვევა.

"არსებობს შესაძლებლობა, რომ მომდევნო ზამთარს ვირუსის მეორე ტალღა უფრო რთული იქნება, ვიდრე ის, რაც ახლა გადავიარეთ. ჩვენ ერთდროულად გვექნება გრიპის ეპიდემია და კორონავირუსის ეპიდემია", - თქვა მან.

რედფილდი ამბობს, რომ ეს ჯანდაცვის სექტორზე წარმოუდგენელ ზეწოლას მოახდენს. მისივე თქმით, ქვეყანას გაუმართლა, რადგან კორონავირუსის პანდემია გრიპის სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყო და მათი დამთხვევის შემთხვევაში სიტუაცია ბევრად მძიმე იქნებოდა:

"ძალიან, ძალიან რთული იქნებოდა, ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გათვალისწინებით."

მისი თქმით, ფედერალურ და შტატების დონეზე ოფიციალურმა პირებმა მომდევნო თვეები მოსამზადებლად უნდა გამოიყენონ. მას მიაჩნია, რომ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, მოსახლეობას უნდა აუხსნან სოციალური დისტანციის შენარჩუნების მნიშვნელობა. ასევე უნდა დაარწმუნონ ამერიკელები, რათა მათ სეზონური გრიპის აცრები ჩაიტარონ. უნდა გაიზარდოს ტესტირების მასშტაბები და კონტაქტების გამოკვლევაც.

"სეზონური გრიპის აცრა მოგვცემს საავამდყოფოებში მეტი თავისუფალი ადგილის ქონის საშუალებას, იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენი დედა ან ბებია კორონავირუსით დაავადდა", - თქვა მან.

კორონავირუსის გავრცელების ოფიციალური მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სულ ვირუსი ამ დროისათვის 819,175 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 45,343, გამოჯანმრთელდა 82,973 ადამიანი.

კომენტარები