საგანგებო მდგომარეობა

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

პარლამენტი

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა.

ინიციატივას ხმა 97-მა დეპუტატმა მისცა, 10 - წინააღმდეგ წავიდა. ამავე ვადით გაგრძელდა პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ.

ევროპული საქართველოს და ენმ-ის წევრები ხელისუფლებისგან ანტიკრიზისულ გეგმას ითხოვდნენ. მათი თქმით, მთავრობამ უნდა განმარტოს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რათა მოქალაქეები ეკონომიკური კრიზისის პირობებში მძიმე პრობლემებისგან დაიცვას. ევროპულმა საქართველომ ანტიკრიზისულ გეგმაზე სასაუბროდ პარლამენტში პრემიერი გიორგი გახარია და მინისტრებიც დაიბარა. თუმცა, მთავრობის საკანონმდებლო ორგანოში არ გამოჩენილან.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით გამოცხადდა.

დღეს ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი. აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ჩაკეტილია თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი, მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია მარნეული, ბოლნისი, ლენტეხი, ქობულეთის რამდენიმე და ხაშურის ერთი სოფელი.

დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები და სხვა დაწესებულებები.

კომენტარები