მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 4,8%-ით შემცირდა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აშშ-ის მშპ 4,8%-ით შემცირდა. ამის შესახებ ეკონომიკური ანალიზის ბიუროს წინასწარი შეფასების დოკუმენტშია საუბარი.

კვარტალურ გამოსახულებაში აშშ-ის ეკონომიკა ბოლოს 2014 წელს შემცირდა, თუმცა ასეთი მკვეთრი კლება 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ არ დაფიქსირებულა. შედარებისთვის, 2019 წლის პირველ კვარტალში მშპ 3,1%-ით, მეორეში - 2%-ით, ხოლო მესამე და მეოთხე კვარტალში - 2,1%-ით გაიზარდა. 

ბიუროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კლება Covid-19-ის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. მიღებული ზომების შედეგად ეკონომიკური მოთხოვნის სტრუქტურა შეიცვალა, რაც სამომხმარებლო ბაზარზე აისახა. 

ამგვარად, სამომხმარებლო ხარჯვა პირველ კვარტალში 7,6%-ით შემცირდა, 8,7%-ით შემცირდა ექსპორტის და 15,3%-ით - იმპორტის მოცულება. თეთრ სახლთან არსებული ეკონომიკური საბჭოს დირექტორის, ლარი კუდლოუს თქმით, მეორე კვარტალში ეკონომიკური სტაგნაცია კვლავ გაგრძელდება და მოიმატებს უმუშევართა რაოდენობაც. 

ამავდროულად, კუდლოუ ამბობს, რომ აშშ-ის ეკონომიკა წლის ბოლომდე აღდგება და კვლავ ზრდას დაიწყებს. სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით წელს აშშ-ის ეკონომიკა 5,6%-ით შემცირდება. 

5,3%-იან კლებას ვარაუდობს სააგენტო S&P, ყველაზე პესიმისტურია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს აშშ-ის ეკონომიკა 5,9%-ით შემცირდება.

ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში აშშ-ში უმუშევართა რაოდენობა ჯამურად 26 მილიონით გაიზარდა. ეს აშშ-ის შრომისუნარიანი მოსახლეობის 16%-ს შეადგენს. ბოლო თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად აშშ-ში უფრო მეტი სამუშაო ადგილი გაქრა, ვიდრე ბოლო 10 წელში შეიქმნა. შედარებისთვის 2010 წლის სექტემბრიდან დღემდე აშშ-ში 22,5 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად აშშ-ის მთლიანი ეკონომიკის მეოთხედი ვეღარ ფუნქციონირებს. ამის შესახებ, სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ Wall Street Journal-ისთვის მომზადებულ დასკვნაშია საუბარი.

კომენტარები