ISFED-ის ანგარიში

კრემლისტური მედია, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციას ეწეოდა, FACEBOOK-მა წაშალა

არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნები" ინფორმაციით, 30 აპრილს Facebook-მა საკუთარი პლატფორმიდან კრემლის პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო ნიუს-ფრონტის გვერდები წაშალა, როგორც ქართულ, ისე სხვა ენებზე, რომლებსაც გამოცემა სხვადასხვა ქვეყანაში იყენებდა. 

ორგანიზაციის ცნობით, ისინი სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში "ნიუს-ფრონტ ჯორჯიასა" და მასთან დაკავშირებულ ანგარიშებს 2019 წლის ნოემბრიდან აკვირდებოდნენ. 

"სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, მათ ღია წყაროების გამოყენებით შეისწავლეს სააგენტო ნიუს-ფრონტის მასალების გავრცელების სქემა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააგენტო Facebook-ზე პლატფორმის წესების მასობრივი დარღვევით ოპერირებდა. 

"კერძოდ, "ნიუს-ფრონტ ჯორჯიას" Facebook გვერდი და მისი ადმინისტრატორი სხვა არაავთენტურ ანგარიშებთან ერთად შერჩევითად, ვიწრო სამიზნე აუდიტორიაზე გათვლით ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც მიმართული იყო ქართულ Facebook მომხმარებლებში ანტაგონიზმისა და აგრესიის გაღვივებისკენ, საზოგადოების დახლეჩვისკენ და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ", - წერია ორგანიზაციის დასკვნაში. 

სამართლიანი არჩევნების ცნობით, ნიუს-ფრონტი და მასთან კოორდინირებული არაავთენტური ანგარიშები სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით ანტი-დასავლურ, პრო-რუსულ გზავნილებს ავრცელებდნენ და ქმნიდნენ არაავთენტურ ინტერაქციას Facebook-ის აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

ანგარიშის მიხედვით, ნიუს-ფრონტის აქტიური საქმიანობა ქართულ Facebook სივრცეში, დაახლოებით, 6 თვეს ითვლიდა და მას საკუთარი კონტენტის გასავრცელებლად ორგანიზებული ქსელი ჩამოყალიბებული ჰქონდა ძირითადად არაავთენტური, საეჭვო ანგარიშების სახით. 

"გამოცემის ოფიციალური Facebook გვერდისა და ამ გვერდის ადმინისტრატორის, კონსტანტინე ჩიკვილაძის პერსონალური ანგარიშის გარდა ქსელს ქმნიდა 12 არაავთენტური ანგარიში, რომლებიც მიზანმიმართულად და ორგანიზებულად, არაავთენტური და კოორდინირებული ქცევის გამოყენებით აქტიურ საინფორმაციო ოპერაციებს ატარებდა Facebook ჯგუფებში", - წერია ანგარიშში. 

სამართლიანი არჩევნების მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ნიუს ფრონტი და მის სასარგებლოდ მოქმედი არაავთენტური ანგარიშები განზრახ შერჩევითად აზიარებდნენ ნიუს-ფრონტის პოსტებს თემატურ ჯგუფებში და სიმულირებდნენ კომენტარებს, რაც ქართული პოლიტიკური გარემოს მიზანმიმართულად პოლარიზაციის გარდა, ასევე, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. 

"მათი სამიზნე, როგორც ღიად პრო-რუსული შინაარსის მქონე ჯგუფები, ასევე, ქართულ ოცნებისა და მის ლიდერების მხარდამჭერთა, და ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერების ჯგუფები იყვნენ. სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, ნიუს-ფრონტი მასალები ვრცელდებოდა 31 ღია Facebook ჯგუფში, რომელთაც ჯამში 521 240 წევრი ჰყავთ.

რუსული გამოცემა სპუტნიკ-საქართველოს არაავთენტური კოორდინინირებული ქმედებების მსგავსად, Facebook-ზე რუსული საინფორმაციო სააგენტო ნიუს-ფტონტის ოპერაციების ხაზიც ინტერესების ირგვლივ გაერთიანებული მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მქონე ჯგუფების გამოყენებაზე გადიოდა", - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. 

რა არის ნიუს-ფრონტი?

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ნიუს-ფრონტი საქართველოში მოქმედი კრემლისტური საინფორმაციო საგენტოა, რომელიც აქტიურად იყენებდა Facebook-ს პრო-რუსული და ანტი-დასავლური საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად.

"ღიად აგრესიული პრო-რუსული და ანტი-დასავლური საინფორმაციო ფრონტი რუსეთმა საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, ონლაინ გამოცემა news-front.ge-ს ამოქმედებით გააძლიერა. მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ამ გამოცემას მოსკოვიდან რადიკალურ დაჯგუფება "ქართულ მარშთან" დაკავშირებული, მოსკოვში მყოფი პრორუსული ორიენტაციის მქონე პირი, შოთა აფხაიძე მართავს. ორგანიზაციის კიდევ ერთი კვლევის თანახმად კი, გამოცემას Facebook-ზე ღიად ორგანიზებული ქსელი გააჩნია", - წერს ორგანიზაცია. 

მათივე ცნობით, ნიუს-ფრონტ ჯორჯია კრემლისტური საინფორმაციო სააგენტო News-Front-ის ქსელის ნაწილს წარმოადგენს, რომლის ოფიციალურ ვებგვერდზე საკონტაქტო მისამართად სიმფეროპოლი, ყირიმი მითითებულია, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორია. სააგენტო აერთიანებს ინგლისურ, ბულგარულ, გერმანულ, ესპანურ, სერბულ, უნგრულ და ქართულ ენებზე არსებულ გამოცემებს. 

ორგანიზაციის ცნობით, სააგენტო News-Front დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს, როსკომნადზორის 2015 წლის 26 ივნისის ბრძანებით.

"კორონავირუსის პანდემიის ფონზეც "ნიუსფრონტი" შენიღბულად უთხრიდა ძირს სახელმწიფოს მიერ ვირუსით გამოწვეული პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის მიმართ სანდოობას და მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას. "ნიუს-ფრონტი" დეზინფორმაციული სტატიებით თავს ესხმოდა ლუგარის ლაბორატორიას და მის დირექტორს, პაატა იმნაძესაც", - წერია ანგარიშში. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, არაავთენტური ანგარიშების ეს ქსელი, რომელიც Facebook-მა 30 აპრილს გააუქმა, გარდა იმისა, რომ ორგანიზებულად აზიარებდა ნიუს-ფრონტის მასალებს, გაზიარებულ მასალებზე თავად იწყებდა ან ერთვებოდა საკვანძო მოვლენებთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიებში, კომენტარებში ხელოვნურად ზრდიდა საზოგადოებაში არაპოპულარული აზრების ირგვლივ დისკუსიას და აგრესიულად ესხმოდა თავს საწინააღმდეგო აზრების მქონე ადამიანებს.

მათი ძირითადი გზავნილი ანტიამერიკული, ანტიდემოკრატიული და პრორუსული იყო. ასევე, რიგ კომენტარებში ისინი მკვეთრად ანტიოპოზიციურ მოსაზრებებს გამოხატავდნენ.

"მაგალითად, ცხინვალის იზოლატორში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობისას, გამოვლენილი არაავთენტური ანგარიშები საჯარო დისკუსიების პროვოცირებით და შემდგომ კომენტარებში შეჭრით ენერგიულად ცდილობდნენ გაფრინდაშვილის პროვოკატორად წარმოჩენას და იმ აზრის გავრცელებას, რომ მის ქმედებაში გმირული არაფერი იყო. ნიუს-ფრონტთან დაკავშირებული ანგარიშები სხვადასხვა ჯგუფებში თითქმის ერთი და იმავე ტექსტით გაფრინდაშვილის პატიმრობას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებდნენ", - წერს ორგანიზაცია. 

ნიუს-ფრონტის მიერ 4 სხვადასხვა ჯგუფში გავრცელებულ სტატიაზე ერთი და იმავე არაავთენტური ქცევის ანგარიშის იდენტური კომენტარები, რაც კომენტარების ხელოვნურობაზე მიუთითებს.
ფოტო: ISFED

"ნიუს-ფრონტის" არაავთენტური ანგარიშების მიერ 8 წუთის ინტერვალში ვაჟა გაფრინდაშვილის მადისკრედიტირებელი სტატიის გავრცელება სხვადასხვა თემატურ ჯგუფში
ფოტო: ISFED

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სოციალური ქსელის გიგანტი იმ რუსულ არაავთენტურ ანგარიშებს შლის, რომელთა სამიზნეც საქართველოა. მაგალითად, 2019 წლის იანვარში Facebook-ის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტმა 289 გვერდი და 75 ანგარიში წაშალა, რომლებიც "კოორდინირებულ, არაავთენტურ მოქმედებაში" იყვნენ შემჩნეულები.

მაშინ დეპარტამენტმა ორი მანიპულაციური ქსელი გამოავლინა და ორივე მათგანი რუსეთში იყო შექმნილი. მათგან ერთი ქსელი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა, მათ შორის, საქართველოსაც, ხოლო მეორე კი - სპეციფიკურად უკრაინაზე იყო მიმაგრებული. 

2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

Facebook-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულები. 

კომენტარები