Freedom House-ის ანგარიში

Freedom House: ხელისუფლების ფუნქციები ივანიშვილის არაფორმალური როლით შესუსტებულია

facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial

Freedom House-ის დემოკრატიის რეიტინგში საქართველო შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი და კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგშია.

2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს და რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიამ გაუმჯობესება აჩვენა 2012-2013 წლებში, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა, თუმცა, ბოლო წლებში უკუსვლა შეინიშნება. ოლიგარქის გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია-გარემოზე, კანონის უზენაესობა კი პოლიტიზაციით არის ძირგამოთხრილი. სამოქალაქო თავისუფლება არათანმიმდევრულად არის დაცული.

რა წერია ანგარიშში საქართველოს საარჩევნო სისტემასა და მთავრობის ფუნქციონირებაზე:

საარჩევნო სისტემა

Freedom House-ის ანგარიშში, რომელიც ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხს აფასებს, საქართველოს საარჩევნო პროცესზე არის საუბარი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორმაგი აღმასრულებელი ჰყავს: პრემიერმინისტრი, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობს და პრეზიდენტი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურია. 2017 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, 2018 წელს პრეზიდენტი 6-წლიანი ვადით იქნა არჩეული, შემდეგ პრეზიდენტებს კი 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგია კანონმდებლებისგან და ადგილობრივი და რეგიონული თანამდებობის პირებისგან იქნება შემდგარი. პრეზიდენტი ოფიციალურად დანიშნავს პრემიერობის პარლამენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს.

Freedom House მიუთითებს, რომ 2018 წელს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იქნა არჩეული, დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს მმართველი გუნდი უჭერდა. ზურაბიშვილის არჩევას არჩევნების 2 ტურის ჩატარება დასჭირდა. მან ენმ-ის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა. Freedom House წერს, რომ საარჩევნო გარემო, უმეტესად, მშვიდობიანი იყო, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები, არჩევნების დღეს ამომრჩეველთა დაშინება დიდი მასშტაბით გამოვლინდა. იყო ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, ისევე, როგორც მოსყიდვა და საარჩევნო ყუთში ერთის ნაცვლად რამდენიმე ბიულეტენის ჩაგდება.

ქართული ოცნების აქტივისტებმა მრავალ საარჩევნო უბანთან შექმნეს დაშინების ატმოსფერო. ასევე, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა, ქართუმ 600 000 ადამიანს სესხების განულების დაპირება მისცა - ეს რიცხვი 6-დან 1 ამომრჩეველს ნიშნავს.

შს მინისტრი, გიორგი გახარია კი 2019 წლის სექტემბერში პრემიერმინისტრი გახდა, მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძე გადადგა.

Freedom House საუბრობს იმაზეც, რომ საქართველოში არჩევნები, კანონმდებლობით, უმეტესად სამართლიანი და კონკურენტულია, მაგრამ მიუთითებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მმართველი გუნდის სასარგებლოდ, ასევე აღნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიაში პარტიების რეგისტრაციის წესი არჩევნებიდან ძალიან ცოტა ხნით ადრე შეიცვალა. ორგანიზაცია ასევე წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე რამდენიმე ძალადობრივ ინცინდენტსაც ჰქონდა ადგილი.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოში, ძირითადად, სამართლიანია და შესაბამისი ორგანოები მას მიუკერძოებლად აღასრულებენ. თუმცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს მონიტორინგის მისიამ ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ხარვეზებს საარჩევნო კანონმდებლობაში, მათ შორის, ძლიერი დაცვის მექანიზმის არსებობის საჭიროებას კამპანიის დაფინანსებისას ფინანსური დარღვევების, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების და ამომრჩეველთა დაშინების პრევენციისთვის.

Freedom House ასევე საუბრობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც, 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, 2024 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, 2019 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების პირობა დადო. 2019 წლის ნოემბერში პარლამენტმა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, რამაც პროტესტის განახლება გამოიწვია. ქართული ოცნების ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ალტერნატივებიც შესთავაზეს, მმართველმა გუნდმა კი 2024 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაც ეჭვქვეშ დააყენა.

მთავრობის ფუნქციონირება

ანგარიშში წერია, რომ არჩეული პირების უფლება, დაადგინონ და განახორციელონ სამთავრობო პოლიტიკა, შესუსტებულია ივანიშვილის არაფორმალური როლით, რომელიც არ იკავებს არც ერთ საჯარო თანამდებობას, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აღმასრულებელი და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებაზე. მისი დე-ფაქტო ავტორიტეტის დემონსტრირება 2018 წელს მოხდა, როცა მაშინდელი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ეკონომიკური პოლიტიკის საკითხზე შეუთანხმებლობის გამო გადადგა.

Freedom House აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გავლენა ასევე ჩანს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ივანიშვილის ფინანსური და ბიზნესინტერესებისადმი ზოგადი უპირატესობის მინიჭებაში, განსაკუთრებით მრავალმილიარდდოლარიან "ქართული თანაინვესტორობის ფონდის" შემთხვევაში, რომელიც 2013 წელს შეიქმნა და აქტიურია თბილისში უძრავი ქონების დეველოპმენტის პროექტებში,

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა წვრილმან კორუფციასთან ბრძოლაში, კორუფცია ხელისუფლების შიგნით პრობლემად რჩება. სავარაუდოდ, ზოგ შემთხვევაში ამან ნეპოტიზმის და კრონიზმის ფორმა მიიღო. ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების ეფექტურ აღსრულებას სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობა აფერხებს, ხოლო წარმატებული საქმეები მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც ქართული ოცნების ხელმძღვანელობასთან დაახლოებულია, იშვიათია.

ანგარიშში წერია, რომ სამთავრობო ოპერაციები, ძირითადად, აუდიტის სამსახურის, მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების და საზოგადოების შემოწმების საგანია. თუმცა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) იუწყება, რომ 2020 წლიდან საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არათანაბარია. 2018 წელს ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოწოდება ინფორმაციის თავისუფლებისთვის კანონმდებლობის გაძლიერებისკენ და შესაბამის უწყებებს დაჟინებით მოითხოვა გამჭვირვალობა. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება თბილისში მიწის ზონებისთვის სტატუსის შეცვლისა და გაყიდვასთან დაკავშირებით საკითხების ბუნდოვანების გამო.

კომენტარები