აშშ - რუსეთი - ჩინეთი

ტრამპი პუტინს: შეიარაღების კონტროლის ახალი შეთანხმება რუსეთს და ჩინეთს უნდა მოიცავდეს

NY Times

7 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, კორონავირუსზე, შეიარაღების კონტროლსა და სხვა საკითხებზე სატელეფონო საუბარი გამართა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მის რუს კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის სურვილი, რომ შეიარაღების ახალი შეთანხმება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჩინეთსაც მოიცავდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"პრეზიდენტმა ტრამპმა ხელახლა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ეფექტურ შეიარაღების კონტროლს ემხრობა, რაც არამხოლოდ რუსეთს, არამედ ჩინეთსაც მოიცავს და ძვირადღირებული შეიარაღების შეჯიბრის თავიდან ასაცილებლად მომავალ დისკუსიებს ელის," - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თავდაპირველად ტრამპი 2019 წელს გამოვიდა შეთავაზებით, რომ აშშ-მა, რუსეთმა და ჩინეთმა ახალი შეთანხმება დადონ, რაც 2011 წლის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტს ჩაანაცვლებს. ჩინეთმა, რომლის არსენალიც 300 ბირთულ იარაღს მოიცავს, რაც აშშ-სა და რუსეთზე ნაკლებია, უკვე უარყო ეს შეთავაზება.

ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩინეთი უნდა ჩაერთოს შეიარაღების კონტროლის ახალ შეთანხმებაში, რადგან მისი ბირთული არსენალი, რომელიც მოდერნიზაციის პროგრამას ახლა გადის, მზარდი საფრთხეა.

სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტს (START) აშშ-მა და რუსეთმა 2011 წელს მოაწერეს ხელი. პაქტს, რომელიც სტრატეგიულ ბირთვული რაკეტების სატყორცნ დანადგარებს აკონტროლებს, 2021 წლის თებერვალში ვადა ეწურება. მოსკოვი შეთანხმების გაგრძელებაზე თანახმაა.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტი (New Start) უნდა მოიცავდეს "ახალ სისტემებს, როგორიცაა ბირთული ენერგიით აღჭურვილი შეიარაღება, წყლისქვეშა სისტემა, დრონი ბირთვული შეიარაღებით, სახელად პოსეიდონი, ბირთვული საკრუიზო რაკეტა, საჰაერო ბალისტიკური რაკეტა და ამგვარი შეიარაღება".

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 17 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ შეიარაღების კონტროლზე ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებები რუსეთთან ერთად ჩინეთსაც უნდა მოიცავდეს.

გასული წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების (INF) დატოვების შესახებ. აშშ-მა შეთანხმება სრულად აგვისტოში დატოვა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც, ხოლო პუტინი დაიმუქრა, რომ თუ აშშ ახალ რაკეტებს შექმნიდა, რუსეთიც იმავეს გააკეთებდა.

შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა. აშშ-მა და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის.  

"აშშ-მა აღიდგინა შეიარაღების კონტროლის სანდოობა, როდესაც ჩვენ INF-ის შეთანხმებიდან ნატოს ერთსულოვანი მხარდაჭერით გამოვედით, მას შემდეგ, რაც რუსეთი განუწყვეტლივ არღვევდა მის წესებს," - განაცხადა პომპეომ.

კომენტარები