აშშ

უმუშევრობის დონემ აშშ-ში ბოლო 80 წლის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია

აპრილში უმუშევრობის კომპენსაციაზე განაცხადი კიდევ 20,5 მილიონმა ამერიკელმა შეავსო. ამგვარად, უმუშევრობის მაჩვენებელი მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში 14,7%-ს გაუტოლდა, რაც 1930-იანი წლების დიდი ეკონომიკური დეპრესიის შემდეგ ყველაზე მაღალია.  

შედარებისთვის, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, უმუშევრობის დონე 3,5%-ს შეადგენდა. ქვეყაში Covid-19-ის ფართო გავრცელების ფონზე, შეიზღუდა თითქმის ყველა სახის ეკონომიკური აქტივობა. 

Washington Post-ის ინფორმაციით, პანდემიის განმავლობაში ქვეყნის სასტუმროების სექტორში 7,7 მილიონი ადგილი დაიკარგა, საცალო ვაჭრობაში უმუშევრად დარჩა 2,1 მილიონი მოქალაქე, წარმოების სექტორში - 1,3 მილიონი. ამასთანავე, 1,4 მილიონით შემცირდა სამუშაო ადგილები ჯანდაცვაში, რადგანაც ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მოქალაქეები მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ. 

მძიმე სურათის მიუხედავად, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა -  დაახლოებით, 18 მილიონი - იტყობინებოდა, რომ სამსახურიდან ისინი დროებით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ვადით გაათავისუფლეს. 

დაახლოებით, 2 მილიონი მოქალაქე კი აცხადებდა, რომ მათი სამსახური შემზღუდავი ზომების შემსუბუქების შემდეგაც არ აღდგებოდა. ამასთანავე, აპრილში დაფიქსირებული უმუშევრობის ზრდა, საგრძნობლად ნაკლები აღმოჩნდა პროგნოზირებულზე. 

აპრილის შუა რიცხვებში გამოცემა Wall Street Journal უმუშევართა 22 მილიონით, 18%-მდე, ზრდას პროგნოზირებდა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, სამუშაო ადგილები პანდემიის დასრულებიდან მალევე აღდგება და მომავალი წელ "ფენომენალური ზრდის" წელი იქნება. 

 

კომენტარები