კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

ბორის ჯონსონმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გეგმა წარადგინა

Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა წარმოადგინა.

მან მოსახლეობას მოუწოდა დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, თუ სახლიდან მუშაობას ვერ ახერხებენ.

"ახლა ხაზი უნდა გავუსვმათ იმას, რომ ყველა, ვინც სახლიდან ვერ მუშაობს, მათ შორის საწარმოებში და მშენებლობებზე დასაქმებულები, სამსახურს უნდა დაუბრუნდნენ", - თქვა ჯონსონმა.

პრემიერმინისტრის თქმით, 13 მაისიდან მოსახლეობას საშუალება ექნება, იმდენი ივარჯიშოს, რამდენიც სურს, პარკებში მზის აბაზანები მიიღოს და ავტომობილით თავისუფლად გადაადგილდეს.

"მოვუწოდებთ ხალხს ოთხშაბათიდან უფრო და უფრო მეტად ივარჯიშონ გარეთ. შეგიძლიათ პარში მზეში დასხდეთ, დაკავდეთ სპორტით, მაგრამ მხოლოდ თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად", - თქვა მან.

ამ დრომდე მთავრობა მოსახლეობას სახლებში დარჩენისაკენ მოუწოდებდა. მათ სახლის დატოვება საკვების და მედიკამენტების საყიდლად და დღეში ერთხელ სავარჯიშოდ შეეძლოთ.

მიუხედავად კარანტინის გარკვეული ზომების შემსუბუქებისა მოხსნისა, ძალაში კვლავ რჩება შეზღუდვების ნაწილი. მოსახლეობას მოუწოდეს, მაქსიმალურად აირიდონ თავიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. სლოგანი "დარჩი სახლში" იცვლება მოწოდებით "იყავი ფრთხილად".

ჯონსონის გეგმის მიხედვით, საუკეთესო შემთხვევაში სკოლები პირველი ივნისიდან გაიხსნება, ხოლო მაღაზიების დიდი ნაწილი ივლისში.

ოპოზიციამ მისი გეგმა გააკიტიკა. მათი შეფასებით, ჯონსონის განცხადება ზედმეტად ბუნდოვანია. უელსის, შოტლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა კი განაცხადეს, რომ შეზღუდვებს ძალაში ტოვებენ და კარანტინი 28 მაისამდე გაგრძელდება.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსი სულ 219 183 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა - 31 855.

კომენტარები