საარჩევნო შეთანხმება

ჩუგოშვილი: მოწმე ვარ, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა კონკრეტულ საქმეებზე რეაგირებას

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება საკონტიტუციო ცვლილებების გარდა, "გულისხმობდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე გარკვეული რეაგირების აუცილებლობას". ჩუგოშვილი facebook-ზე წერს, რომ ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა, როგორც საარჩევნო სისტემით დაინტერესებული დეპუტატი.

"შესაბამისად, ვიყავი მოწმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯელობისა და შეთანხმების.

საერთო მიზანი იყო არა ის, რომ რომელიმე დამნაშავეს თავიდან აეცილებინა მართლმსაჯულება, არამედ ის, რომ არჩევნებამდე პოლიტიკური ლიდერები და ტელევიზიების მფლობელები/მენეჯერები არ ყოფილიყვნენ ციხეში და საჭიროებისამებრ, მათი საქმეების განხილვა გაგრძელებულიყო არჩევნების შემდგომ" - წერს ჩუგოშვილი.

დეპუტატს შეთანხმების ტექსტი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, "კონკრეტული ქმედებები უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლოა იქნას აღქმული, როგორც ქართული მართლმსაჯულების და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზირება და მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული მომავალში.”

თამარ ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ ამ ჩანაწერის შესაბამისად ხაზარაძის, გვარამიას და სხვების საქმეები უვადოდ გადაიდო და გათავისუფლდა ბესიკ თამლიანი.

"შეთანხმების ბოლო წინადადებაში მოხსენიებულია პრეზიდენტი. ეს ჩანაწერი გულისხმობდა უგულავას შეწყალებას. ასევე, საერთო მოლოდინი იყო ოქრუაშვილის და რურუას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების შეცვლა არასაპატიმრო ღონისძიებებით.

მე თანამდებობა და უმრავლესობა დავტოვე საარჩევნო სისტემის ცვლილებების ჩაგდების გამო და დღემდე სწორედ ეს საკითხი რჩება მთავარ ინტერესად, ვინაიდან ეს ცვლილებები ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის შესაქმნელად აუცილებელი მგონია" - წერს ჩუგოშვილი და აღნიშნავს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები რეალური საფრთხის წინაშეა.

"ორივე მხარე ცდილობს, ჩაგდების პასუხისმგებლობა ერთმანეთს გადააბრალოს. მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, თუ ეს ცვლილებები ჩავარდება, თქვენ ვერ შეძლებთ პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალებას, როგორც ეს ვერ შეძელით პირველ ჯერზე, ნოემბერში, როდესაც პირველად ჩავარდა საკონსტიტუციო რეფორმა. შეთანხმების დარღვევა და ცვლილებების მორიგ ჯერზე ჩაგდება ამჯერად უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნება" - მიიჩნევს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს.

თუმცა, შეთანხმების გაფორმების დღიდან, ოპოზიცია განმარტავს, რომ მემორანდუმი ორეტაპიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილეს კონკრეტული გვარებიც და გათავისუფლების მექანიზმებიც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი სწორედ ამის გამო არ მოაწერა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

11 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, ოპოზიცია კი სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს. მან დიპლომატებსაც მიმართა, განმარტონ შეთანხმების შინაარსი.

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა ერთობლივი განცხადება იმავე საღამოს გაავრცელეს. ისინი 8 მარტის მემორანდუმის ხელმომწერებს მოუწოდებენ, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი. საელჩოების განცხადებით, "ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს". ელჩებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც, პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, 20 ივნისის ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის და გამწვავებული პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები