კორონავირუსი რუსეთში

პუტინი: 12 მაისიდან არა-სამუშაო დღეების პერიოდი ეკონომიკის ყველა სექტორისათვის დასრულდება

ვლადიმირ პუტინი
AFP

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად მოხდება და ყველა რეგიონმა საკუთარი მიდგომა უნდა შეიმუშაოს.

"12 მაისიდან არა-სამუშაო დღეების პერიოდი ეკონომიკის ყველა სექტორისათვის დასრულდება...ყველას ინტერესშია, რომ ეკონომიკა ნორმას სწრაფად დაუბრუნდეს", - თქვა მან და განმარტა, რომ პირველ რიგში მუშაობა უნდა განახლდეს მშენებლობებზე, აგრარულ და ენერგეტიკის სექტორში.

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთმა თვითიზოლაციის პერიოდი ჯანდაცვის სისტემის მოსამზადებლად გამოიყენა და საავადმყოფოებში ახლა მეტი ადგილია, რაც ათასობით ადამიანს გადაარჩენს.

მიუხედავად მისი განცხადებისა, რუსული მედია წერს, რომ რუსეთის საავადმყოფოებში სავალალო მდგომარეობაა, ექიმებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობის აღჭურვილობა, ცუდი პირობების გამო გაიფიცნენ ექთნები და მედპერსონალის ნაკლებობის გამო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს კორონავირუსიან პაციენტებთან მუშაობას აიძულებენ.

აღსანიშნავია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელიც წუხილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელებას აიძულებდნენ, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. The Moscow Times-ის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში მესამე შემთხვევაა, როდესაც რუსეთში მედპერსონალი საავადმყოფოს ფანჯრიდან "გაურკვეველ ვითარებაში" ვარდება.

პუტინის განცხადებამდე რუსეთში ახალი კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა და ქვეყანამ ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობით იტალიას გადაასწრო. 24 საათში ახალი კორონავირუსი კიდევ 11 656 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 221 344-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 2 009-ს. გარდაცვლილთა შორის ასზე მეტი ექიმია.

კომენტარები