დიდი შვიდეული

კრემლი: პუტინი მხარს უჭერს დიდი შვიდეულის სამიტში რუსეთის ჩართვის საკითხს

Reuters

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მხარს უჭერს დიდი შვიდეულის სამიტში რუსეთის ჩართვის საკითხს, თუმცა პასუხის გასაცემად აშშ-საგან მეტი დეტალი სჭირდებათ.

"პრეზიდენტი პუტინი მხარს უჭერს დიალოგს ყველა მიმართულებით, თუმცა, ამ შემთხვევაში, იმისათვის, რომ მსგავს ინიციატივას ვუპასუხოთ, მეტი ინფორმაცია გვჭირდება, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს, არ ვიცით ეს ოფიციალური თუ არა", - თქვა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტი, რომელიც აშშ-ში 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო გადადო. მისი თქმით, სამიტი სექტემბერში ჩატარდება, თუმცა ჯგუფი მოძველებულად მიაჩნია და სურს მასში სხვა ქვეყნებიც ჩართოს.

ამჟამად დიდი შვიდეულის ჯგუფში აშშ-ის გარდა კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და გაერთიანებული სამეფო შედიან. ტრამპს კი სურს სამიტს დაესწრონ რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიის და ინდოეთის ლიდერებიც. აშშ-ის პრეზიდენტს სამიტზე ჩინეთის საკითხის განხილვა სურს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტრამპმა ჯგუფში რუსეთის დაბრუნებაზე ისაუბრა. რუსეთი დიდი რვიანიდან 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს. ტრამპა რუსეთის დაბრუნების იდეა გასულ წელს საფრანგეთში გამართულ სამიტზეც გამოთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი თქვა, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების გარეშე ეს შეცდომა იქნება.

კომენტარები