20 ივნისის აქცია

"ჩვენ გვახსოვს, რა ჩაიდინეს წინა ზაფხულს" - 20 ივნისს პარლამენტთან აქცია გაიმართება

ტბელ აბუსერიძე

20 ივნისს, შაბათს, 19:00-ზე, "გავრილოვის ღამიდან" ერთი წლის თავზე, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებით აქცია გაიმართება. 

"ერთი წლის თავზე ჩვენ გვჯერა, რომ ამ მასშტაბის ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთად დგომითაა შესაძლებელი. ყველას, ვისაც გაწუხებთ:

  • ერთპიროვნული მმართველობა, სადაც პასუხისმგებელი ხალხის წინაშე არავინ არის;
  • ადამიანის უფლებების სისტემატური რღვევა;
  • სახელმწიფოს ყველა შტოს მიტაცება;
  • ბიუჯეტის ფლანგვა და არჩევნების მოსაგებად განიავებული სახელმწიფო ქონება;
  • და საქართველოს ჩქარი ტემპებით რუსეთის გუბერნიად ქცევა.

გელოდებით 20 ივნისს, “გავრილოვის ღამიდან” 1 წლის თავზე, კვლავ რუსთაველზე. იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, რა ჩაიდინეს გასულ ზაფხულს" - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით - წყლის ჭავლით, რეზინის და ე.წ დათვის - წითელი რაკეტისებრი ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ ტყვიით თვალიც დაკარგა. თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები