ბიძინა ივანიშვილი

კონგრესმენები: ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა, საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობს

ბიძინა ივანიშვილი
Screenshot/Imedi

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სახელწოდებით "ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა", სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი. 

კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია, რომელმაც თავის მხრივ, უნდა მოიცვას ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული. 

რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". 

"რუსეთის მიმართ სანქციები მისი დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერების წინააღმდეგაც უნდა გავრცელდეს. იგივე ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე, როგორიც შემოთავაზებული იყო ჩინეთის შემთხვევაში, კერძოდ რუსეთის პროპაგანდის უფროსებზე და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ. 

მაგალითად, ამისთვის საჭირო იქნებოდა კანონმდებლობა, რომელიც დააწესებდა სანქციებს ამ ახალი უფლებამოსილების შესაბამისად ვლადიმერ იევტუშენკოვზე, რუს მილიარდერ ოლიგარქზე. დამატებით, არსებული სანქციები საკმარისად არ ეხებიან პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს უთხრიან ძირს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქი და მოკავშირეა უკრაინაში, რომელიც იყენებდა თავის მედია იმპერიას ქვეყანაში ზიანის მომტანი რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად. 

უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნებოდა კონგრესისთვის, რადგან კონგრესს განესაზღვრა სამომავლო სანქციები და ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან მუშაობაზე ხელს ააღებინებდა",- წერია ანგარიშში. 

ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი. 

რონდელის ფონდის მკვლევარის, დავით ბატაშვილის, ცნობით, ანგარიში არის 147-წევრიანი რესპუბლიკელების სამუშაო ჯგუფის (RSC) მიერ გამოცემული. 

"ის 13 ხელმომწერი არიან RSC-ის თავმჯდომარე და დოკუმენტის შემდგენელი სამუშაო ჯგუფის წევრები. 147-ვე წევრი ვერ იმუშავებდა დოკუმენტზე", - წერს ბატაშვილი. 

კომენტარები