აშშ

ტრამპი: სამხედრო ბაზებისთვის სახელების გადარქმევას არც კი განვიხილავთ

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ იმ სამხედრო ბაზებისათვის, რომლებსაც კონფედერაციული შტატების გენერლების სახელები ჰქვიათ, სახელის შეცვლას არც კი განიხილავს.

მისი თქმით ეს ამერიკის მემკვიდრეობის ნაწილია:

"შემოგვთავაზეს, სახელი გადავარქვათ 10-მდე ლეგენდარულ სამხედრო ბაზას, როგორებიცაა ფორტ ბრეგი ჩრდილოეთ კაროლინაში, ფორტ ჰუდი ტეხასში, ფორტ ბენინგი ჯორჯიაში და ა.შ. ეს უდიდესი და ძალიან ძლიერი ბაზები აშშ-ის შესანიშნავი მემკვიდრეობის ნაწილი გახდა, გამარჯვების და თავისუფლების ისტორიის ნაწილი. აშშ წვრთნიდა და აგზავნიდა გმირებს ამ ადგილებიდან და ასე ჩვენ ორი მსოფლიო ომი მოვიგეთ. შესაბამისად, ჩემი ადმინისტრაცია არც კი განიხილავს ამ სახელგანთქმული და დიდებული სამხედრო ინსტალაციებისათვის სახელის შეცვლას. ჩვენი, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდებული ერის ისტორიაში ჩარევის უფლებას არავის არ მივცემთ. პატივი ეცით სამხედროებს!", - დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.

ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკული მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურები მზად არიან, ცვლილებები განიხილონ.

წყაროებზე დაყრდნობით ისინი წერდნენ, რომ თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი და შეიარაღებული ძალების მდივანი რაიან მაკარტი მზად არიან ამ საკითხზე დისკუსიისათვის.

აშშ-ის არმიის ყოფილმა გენერალმა დევიდ პიტრეიესმა კი გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ფორტ ბრეგზეა ლაპარაკი:

"წვრთნაში იმ ადამიანის სახელობის ბაზაზე, რომელმაც იარაღი აშშ-ის წინააღმდეგ აიღო და იმისათვის, რომ სხვები დაემონებინა, ირონიას ყველა ხედავს", - წერს ის.

სამხედრო ბაზებისთვის სახელების გადარქმევის გარდა აშშ-ში ასევე გამოდიან მოითხოვნით, აიღონ კონფედერაციული შტატების გენერლების და ლიდერების ძეგლები.

ვირჯინიის ქალაქ რიჩმონდში აშშ-ის სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების გენერლის, რობერტ ლის ძეგლის მოხსნას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ მისი აღება დაბლოკა.

მაგრამ მომიტინგეთა სამიზნე მხოლოდ კონფედერაციული შტატების წარმომადგენლების ძეგლების აღება არ არის. ვირჯინიის ქალაქ რიჩმონდში მომიტინგეებმა ჩამოაგდეს ბირდის პარკში მდგარი ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი, ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ ტბაში ჩააგდეს.

ძეგლების აღების მოთხოვნით აშშ-ში წარსულშიც გამოდიოდნენ, თუმცა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ მოძრაობა ხელახლა გააქტიურდა და აშშ-ის საზღვრებს გასცდა. დიდ ბრიტანეთში ჩამოაგდეს ედვარდ კოლსტონის ძეგლი, ჩერჩილის ძეგლზე კი გააკეთეს წარწერა "ის რასისტი იყო".

კომენტარები