ოქსფორდი

ოქსფორდის ვიცეკანცლერი სესილ როდსის ძეგლის აღებაზე: ისტორიის დამალვა განათლების გზა არ არის

ოქსფორდის ვიცეკანცლერი, პროფესორი ლუის რიჩარდსონი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სესილ როდსის ძეგლის აღების მოთხოვნას გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ისტორია არ უნდა დაიმალოს და წარსული ისტორიულ კონტექსტში უნდა განიხილონ:

"ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ წარსულს და ვისწავლოთ მისგან. ჩემი აზრით, ეს ჩვენი ისტორიის დამალვაა და ეს არ არის გზა განათლებისაკენ. ჩვენ უნდა გვესმოდეს ისტორია და კონტექსტი, რომელშიც ის შეიქმნა და ისიც, თუ რატომ სჯეროდა ხალხს მაშინ ასე. ეს უნივერსიტეტი 900 წელია არსებობს. აქედან 800 წლის განმავლობაში ხალხს, რომელიც მას ხელმძღვანელობდა, არ სჯეროდა, რომ ქალები განათლების მიღების ღირსები იყვნენ. ისინიც უნდა დავგმოთ? პირადად მე ვფიქრობ, რომ ისინი ცდებოდნენ, მაგრამ ისინი საკუთარი დროის კონტექსტში უნდა განვსაჯოთ. რომელი ეთიკა უნდა გამოვიყენოთ მათ განსასჯელად, ის, რომელიც ახლა გვაქვს თუ ის, რომელიც იყო მაშინ, როდესაც ცხოვრობდნენ?", - თქვა რიჩარდსონმა.

მან აღნიშნა, რომ როდსის მოღვაწეობის პერიოდში იმპერიალიზმი საზოგადოებაში წამყვანი შეხედულება იყო. მან ასევე თქვა, რომ, როდესაც ის ირლანდიაში იზრდებოდა, ოლივერ კრომველს ბარბაროსად აღიქვამდა, თუმცა შემდეგ ვესტმინსტერში მისი ძეგლი ნახა და მის შესახებ მეტი გაიგო.

"კრომველი ჩემთვის იგივე იყო, რაც ჩემი შვილებისთვის - ვოლდემორტი. მაგრამ მე ვისწავლე მეტი იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ მას ბრიტანეთში", - თქვა მან.

ძეგლის აღების მომხრეები ამბობენ, რომ როდსის იმპერიალისტური ღირებულებები უკვე მიუღებელია და ოქსფორდის უნივერსიტეტმა უნდა აღიაროს მისი როლი კოლონიურ ძალადობაში.

სესილ როდსი მე-19 საუკუნის ბიზნესმენი, იმპერიალისტი, კოლონიზატორი და პოლიტიკოსი იყო. ის კაპის კოლონიის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. მისი მეთაურობით დაარსდა როდეზიის ტერიტორია ახლანდელი ზიმბაბვესა და ზამბიის მიწებზე. ოქსფორდში მისი სახელობის სტიპენდია არსებობს.

მისი ძეგლის აღების მოთხოვნით წარსულშიც შეიქმნა პეტიცია, თუმცა ახლა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული აქციების ფონზე მოთხოვნა ხელახლა წამოაყენეს. აქციების დროს დიდ ბრიტანეთში ჩამოაგდეს ედვარდ კოლსტონის ძეგლი, ჩერჩილის ძეგლს კი გაუკეთეს წარწერა "ის რასისტი იყო".

აშშ-ის ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში აშშ-ის სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების გენერლის, რობერტ ლის ძეგლის მოხსნას მოითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ძეგლის აღება დაბლოკა. რიჩმონდში მომიტინგეებმა ბირდის პარკში მდგარი ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ ტბაში ჩააგდეს.

აშშ-ში ასევე ითხოვენ სახელების შეცვლას იმ სამხედრო ბაზებისათვის, რომლებსაც კონფედერაციული შტატების გენერლების სახელები ჰქვია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ამას არც კი განიხილავს.

კომენტარები