ლიბია

თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთოს ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში

მევლუთ ჩავუშოღლუ
Reuters

თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს უფრო აქტიური როლი ითამაშოს ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების მიღწევაში. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ისაუბრა.

მანამდე მან ლიბიის საკითხი ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან განიხილა. ჩავუშოღლუს თქმით, ნატო და აშშ მიესალმებიან ლიბიაში თურქეთის მოქმედებებს. მიმდინარე თვეს ლიბიის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორისაც. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთსა და აშშ-ს შორის ლიბიასთან დაკავშირებული ურთიერთობების ახლებური განვითარებაა შესაძლებელი.

"[დონალდ ტრამპთან] ლიბიაში გარდამავალ პერიოდზე მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-სა და თურქეთს შორის ახალი ერა დაიწყება". - თქვა მან.

2011 წელს, ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ, ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. დედაქალაქ ტრიპოლს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირწმუნება, რომ ხალიფა ჰაფთარის ძალების დასახმარებლად ლიბიაში 2 500-მდე დაქირავებული რუსი სამხედრო იმყოფება. თურქეთი და რუსეთი ლიბიაში სხვადასხვა მხარეს უჭერენ მხარს. რუსეთი არაოფიციალურად ხალიფა ჰაფთარის ძალებს ეხმარება. მათ ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაც მიაღწიეს, თუმცა, შეთანხმება მალევე დაირღვა და შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა. ხალიფა ჰაფთარმა დედაქალაქ ტრიპოლის აღება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა. თურქეთმა ლიბიის ნაციონალური ერთობის მთავრობის მხარდასაჭერად სამხედრო ძალები გააგზავნა.

"ვაგნერი" რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფებაა კრემლთან მჭიდრო კავშირებით, რომელიც სირიაში, ლიბიაში, უკრაინასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოპერირებს.

აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადების მიხედვით, რუსეთმა ლიბიაში ხალიფა ჰაფთარის ძალებისა და მათთან ერთად მებრძოლი, დაქირავებული რუსი სამხედროების მხარდასაჭერად სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა.

განცხადების მიხედვით, თვითმფრინავი რუსეთში მდებარე ავიაბაზაზე სირიიდან ჩავიდა, სადაც ის გადაღებეს, რათა მისი რუსული წარმომავლობა დაემალათ.

აშშ-ის საჰაერო ძალების გენერლის, ჯეფ ჰარიგიანის თქმით, თუ რუსეთი ლიბიის სანაპიროზე მდებარე სამხედრო ბაზებს ხელში ჩაიგდებს, ეს ევროპის უსაფრთხოებისათვის სერიოზული გამოწვევა იქნება.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, ლიბიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ასობით დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. ისინი მხარს გენერალ ხალიფა ჰაფთარს უჭერენ და ტრიპოლის მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობენ.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბრიდან ქვეყანაში ჯგუფის 800-დან 1 000-მდე დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. მათი უმეტესობა ეროვნებით რუსია, თუმცა არიან ბელარუსის, მოლდოვის, სერბეთისა და უკრაინის მოქალაქეებიც.

მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ლიბიაში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ოფიციალურ მოსკოვს არ წარმოადგენენ და მათ რუსეთის სახელმწიფო არ აფინანსებს.

კომენტარები