კორონავირუსი რუსეთში

პუტინი: კორონავირუსის ეპიდემიას აშშ-ზე უკეთ ვუმკლავდებით, მინიმალური დანაკარგით გამოვალთ

ვლადიმერ პუტინი
REUTERS

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიას აშშ-ზე უკეთ უმკლავდება და სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა.

"ჩვენ თავდაჯერებულად ვმუშაობთ და მინიმალური დანაკარგით გამოვალთ. აშშ-ში ასე არ ხდება. ვერ წარმომიდგენია რუსეთის მთავრობაში ან რეგიონებში ვინმემ თქვას, რომ ისე არ მოიქცევიან, როგორც მთავრობა ან პრეზიდენტი ეტყვის. ჩემი აზრით, პრობლემა ისაა, რომ აშშ-ში წინ აყენებენ პარტიულ ინტერესებს", - თქვა მან სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მესამე ადგიზლეა და მხოლოდ აშშ-სა და ბრაზილიას ჩამორჩება. ქვეყანაში ახალი კორონავირუსი, ოფიციალური მონაცემებით, სულ 528 964 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 8 835 ახალი შემთხვევა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 119-ით გაიზარდა და 6 948-ს მიაღწია. ვირუსით გარდაცვლილთა აღრიცხვის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს.

მიმდინარე კვირას მოსკოვში მაისში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი 3 365-ით გაზარდეს. ვირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი აპრილშიც გააორმაგეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლება გარდაცვლილთა რეალური რიცხვის დამალვაში დაადანაშაულეს, რუსეთის ჯანდაცვის დეპარტამენტში აღიარეს, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევების 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახებოდა, რადგან მათ სხვა დაავადებებიც ჰქონდათ.

უკანასკნელ პერიოდში პუტინი ინტერვიუებსა და ვიდეომიმართვებში ხშირად ლაპარაკობს დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც მის ძალაუფლებას გაზრდის და ვადას გაანულებს, რაც საშუალებას მისცემს, რომ 2024 წლის შემდეგ ხელისუფლებაში კიდევ 2 ექვსწლიანი ვადით დარჩეს. რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე 25 ივნისიდან პირველ ივლისამდეა დაგეგმილი.

კომენტარები