გიორგი გაბუნია

გვარამია: გაბუნიას მკვლელობას რუსეთის მოქალაქე რამზან კადიროვის დაკვეთით გეგმავდა

"ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება მთავარი არხის ნებისმიერ თანამშრომელს, არის ამ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა". – ამის შესახებ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოწვეულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ნამდვილად ის ადამიანი დააკავა, რომელიც გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა, თუმცა, ოფიციალურად დაკავების მიზეზი სხვა არის. მისი ინფორმაციით, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ინგუში, ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გინების გამო რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდა. 

ნიკა გვარამიამ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკული განცხადებები გაიხსენა გიორგი გაბუნიას მონოლოგზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ეძღვნებოდა და მათ უპასუხისმგებლო უწოდა.

"გიორგი გაბუნიას გამონათქვამები კორექტულობისგან შორს იყო, მაგრამ ჯდებოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში, არა ფორმით, არამედ შინაარსით". – აღნიშნა გვარამიამ.

მთავარი არხის გენერალური დირექტორის თქმით, უკრაინელი სამართალდამცველებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩეჩნეთის ლიდერის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა მზადდებოდა. 

"გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინელებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათ ტერიტორიაზე ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაციის კოორდინირება ხდებოდა. ეს იმართებოდა რუსეთის ტერუტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, ხოლო უშუალოდ მკვლელობა საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო.

გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ, ჩვენ თავის დროზევე გავაძლიერეთ მისი დაცვა. უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოსთვის შეუტყობინებლად, რადგან საქართველო არ არის სანდო პარნტნიორი. პანდემიის დროს საქმე გადმოეცა ქართველ სამართალდამცველებს.

საქართველომ ეს ინფორმაცია სერიოზულად არ მიიღო და უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად ჩათვალა, მაგრამ მაინც გააძლიერა კონტროლი გაბუნიას გადაადგილებაზე, რაც მისასალმებელია". – აღნიშნა გვარამიამ. 

მთავარი არხის დირექტორმა მოუწოდა ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს, მაქსიმალურად გაასაჯაროონ ინფორმაცია.

"ეს საჯარო ინტერესი უფროა, ვიდრე სპეცსამსახურების". – აღნიშნა მან.

2019 წლის ივლისში ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" მსვლელობისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

მოგვიანებით გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გამოეხმაურა და დაიმუქრა. კადიროვმა დაწერა, რომ "მსოფლიოში მილიონი ახალგაზრდაა, რომლებიც ღრმად სცემენ პატივს ვლადიმირ პუტინს" და რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს", თორემ მისივე თქმით, "პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს". 

კომენტარები