რუსეთი

რუსეთში ახალი კონსტიტუცია უკვე იყიდება, მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმი ჯერ არ გამართულა

Moskva News Agency

რუსეთის წიგნის მაღაზიებში კონსტიტუციის შესწორებული გამოცემები უკვე იყიდება, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებზე რეფერენდუმი ჯერ არ გამართულა. ხმის მიცემა 1 ივლისს არის ჩანიშნული.

დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები, ვლადიმერ პუტინის ძალაუფლებას გაზრდის და ვადას გაანულებს, რაც რუსეთის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს ძალაუფლება 2036 წლამდე შეინარჩუნოს.

RBC წერს, რომ რუსეთში ჩიტაი-გოროდის და ბიბლო-გლობუსის მაღაზიათა ქსელებმა კონსტიტუციის შესწორებული გამოცემის გაყიდვა უკვე დაიწყეს.

ამის ამსახველი სურათები სოციალური ქსელების მომხმარებლებმაც გაავრცელეს. 

ჩიტაი-გოროდი განმარტავს, რომ კანონპროექტის გავრცელებაზე აკრძალვა არ არის და ეს "გავრცელებული პრაქტიკაა". მათივე განცხადებით, ამ გზით მოქალაქეები მის შინაარსს უკეთ გაეცნობიან.

წიგნის მაღაზიაში თქვეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 1 ივლისს ამომრჩევლები კონსტიტუციაში შესწორებას მხარს არ დაუჭერენ, ისინი შეწყვეტენ მათ გაყიდვას.  

პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ ხმის მიცემამდე ახალი კონსტიტუციის გავრცელებაში უჩვეულო არაფერია:

"ჩვენ უნდა გამოაქვეყნოთ ის, თუ რას აძლევს ხალხი ხმას".

შეგახსენებთ, რომ პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი, ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ძალაუფლებაში კიდევ 6 ან 12 წლით დარჩეს.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იცვლება მთავრობის დანიშვნის წესი. ცვლილების ამოქმედების შემდეგ მთავრობის მეთაურს, მინისტრებსა და მოადგილეებს დუმა დაამტკიცებს. ასევე უქმდება საკონსტიტუციო შეზღუდვა ზედიზედ ორ საპრეზიდენო ვადასთან დაკავშირებით. ცვლილების მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცემა უფლება გააუქმოს და გადასინჯოს ფედერაციული კანონების კონსტიტუციურობა. ამავდროულად საკანონმდებლო გადასინჯვების ინიცირების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს ექნება.

სწორედ 15 იანვარს დაანონსდა საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებაც. ამ დღესვე სრული შემადგენლობით გადადგა რუსეთი მთავრობა. თანამდებობა დატოვა დიმიტრი მედვედევმა, მისი ადგილი რუსეთის საგასახადო სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მიხაილ მიშუსტინმა დაიკავა.

კომენტარები