კონგრესმენების ანგარიში

მდინარაძე: კონგრესმენებისგან დამოუკიდებლად გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერი

ტაბულა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ეწერა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პუტინის უახლოესი მოკავშირეა, არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ამაზე თავად კონგრესმენებსაც "ხისტი რეაქცია" ჰქონდათ. 

მისი მტკიცებით, აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის კომენტარი, რომ დოკუმენტზე ხელის მომწერთა ნახევარი არ იცნობს ან არ იზიარებს აბზაცს, რომელიც ივანიშვილს ეხება, თავად კონგრესმენმა ბეკონმაც დაადასტურა და თქვა, რომ ჩანაწერი მას არ ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ბეკონმა ნამდვილად თქვა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი ტექნიკურმა ექსპერტებმა მოამზადეს, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში პუტინს მოკავშირეები ჰყავს.

"ჩვენ ვნახეთ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება, ერთი მალინის, მეორე დავით ბაქრაძის, რომელიც არის ღირსეული ადამიანი და კარგი დიპლომატი, ის წარმოადგენს საქართველოს აშშ-ში. ეს ორივე განცხადება რომ გვერდით გადავდოთ, თავად კონგრესმენმა ბეკონმა დაადასტურა ორი დღის წინ, რომ ჩანაწერი მას არ ეკუთვნის. აქ, მგონი, კითხვის ნიშნები აღარ არის.

შესაძლებელია, ჩვენი პარტნიორების კონკრეტულ წარმომადგენლებს ჰქონდეთ განსხვავებული პოზიცია, მაგრამ აქვე არ უნდა დავივიწყოთ ამ ადამიანების ხისტი პოზიცია, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ მათგან დამოუკიდებლად რაღაც ჩანაწერი იყო აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მეორე-მესამე დღეს გააკეთეს განცხადებები. რატომღაც დღეს ბეიკონის განცხადებას ვაინგორებთ და მხოლოდ მალინის განცხადებაზე გვაქვს აქცენტი", - ამბობს მდინარაძე. 

მდინარაძის თქმით, "რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პროდასავლურად საუბრობენ", რეალურად "რუსულ საქმეს აკეთებენ" და საფრთხეც სწორედ ეს არის. 

"უნდა გაგვახსენდნენ ის ადამიანები, რომლებიც დეკლარირებენ პროდასავლურად და საქმეს რუსულს აკეთებენ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინც პროდასავლურად საუბრობენ და რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ უფრო საშიშები არიან, ვიდრე ისინი, ვინც რუსულ პოზიციებს აფიქსირებენ. აქ საფრთხე მეტია და ამის ინდენტიფიცირება უნდა შევძლოთ და მივაწოდოთ სწორი ინფორმაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს", - ამბობს მდინარაძე. 

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას წარსულშიც აკრიტიკებდა, აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებას ტყუილი უწოდა

"ვნახე ქართულ პრესაში ეს სტატია რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელი კომიტეტის მიერ შექმნილ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ. შეცდომას ნუ დაუშვებთ, ეს ტყუილია. მე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელ კომიტეტში თავისუფლების დამცველები ვართ და არ შევდრკებით პუტინის მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის არც საქართველოში", - წერს მალინი Twitter-ზე. 

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეკონმა კი, გადაცემაში – Пограничная ZONA ისაუბრა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის, "ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების" მნიშვნელობაზე.

წამყვანმა კონგრესმენს ჰკითხა, რა მტკიცებულებები ჰქონდათ, რომ ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა, რაზეც ბეკონმა უპასუხა, რომ ეს ნაწილი ტექნიკური ექსპერტების მიერაა მომზადებული.

კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა იმას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მყოფი პუტინის მოკავშირეები აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში უნდა შევიდნენ, კონგრესმენი ბეკონი პასუხობს, რომ ამას "უპირობოდ უჭერს მხარს". 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის 147-წევრიანი რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა (RSC) ანგარიში 11 ივნისს გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ აშშ-მ უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანების სია, რომელმაც თავის მხრივ, უნდა მოიცვას ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული. 

რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". 

ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ კრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი. 

კომენტარები