აშშ-რუსეთი

ავსტრიაში აშშ-სა და რუსეთს შორის შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

სერგეი რიაბკოვი
Reuters

ავსტრიაში აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი მონაწილეობს, აშშ-ის მხრიდან კი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მარშალ ბილინგსლეა. შეხვედრამდე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სავარაუდოდ, მოლაპარაკებებზე განიხილავენ ბირთვული შეიარაღების საკითხს. აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტს (START) ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის. აშშ-ს სურს, რომ ახალ შეთანხმებაში ჩართული იყოს ჩინეთიც. მათ ჩინეთი დისკუსიაში ჩასართველად არაერთხელ მიიწვიეს, თუმცა, ამჯერად შეხვედრაში ჩინეთის წარმომადგენელი არ მონაწილეობს.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტი (New Start) უნდა მოიცავდეს "ახალ სისტემებს, როგორიცაა ბირთვული ენერგიით აღჭურვილი შეიარაღება, წყლისქვეშა სისტემა, დრონი ბირთვული შეიარაღებით, სახელად პოსეიდონი, ბირთვული საკრუიზო რაკეტა, საჰაერო ბალისტიკური რაკეტა და ამგვარი შეიარაღება".

გასული წლის იანვარში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების (INF) დატოვების შესახებ. აშშ-მა შეთანხმება სრულად აგვისტოში დატოვა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც. პუტინი დაიმუქრა, რომ, თუ აშშ ახალ რაკეტებს შექმნიდა, რუსეთიც იმავეს გააკეთებდა.

შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა. აშშ-მა და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას  მცირე დროში გახდის შესაძლებელს. 

კომენტარები