ავსტრალია - ჩინეთი

Lowy Institute: ავსტრალიაში ჩინეთისადმი ნდობა 23%-მდე შემცირდა

გამწვავებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე ავსტრალიაში ჩინეთისადმი ნდობა ძალიან შემცირდა

ავსტრალიაში Lowy-ს ანალიტიკური ინსტიტუტის ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, გამოკითხულთა მხოლოდ 23% ენდობა ჩინეთს იმაში, რომ ის მსოფლიოში პასუხისმგებლიანად მოიქცევა. 2 წლის წინ ეს მაჩვენებელი 52%-ს აღწევდა. 

ამავდროულად, ავსტრალიის აშშ-სთან უსაფრთხოების ალიანსისადმი ნდობა გაიზარდა და ახლა 78%-ს აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავსტრალიაში პოპულარული არ არის.

"ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისადმი, ჩინეთისადმი ნდობა შემცირდა. ჩინეთის პრეზიდენტისადმი, სი ძინფინგისადმი ნდობა კიდევ უფრო შემცირდა". – წერს Lowy-ს ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ფულილოვი.

რესპოდენტთა 94% მიიჩნევს, რომ ავსტრალიის მთავრობამ ჩინეთთან ეკონომიკური დამოკიდებულება დივერსიფიკაციით უნდა შეამციროს. 

ავსტრალიაში უფრო მეტს, 55%-ს, მიაჩნია ავსტრალია-აშშ-ს კავშირი უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე ავსტრალია-ჩინეთის ურთიერთობა. გამოკითხულთა 40%-ს კი ჩინეთთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია.

გამოკითხულთა 55% ჩინეთს ეკონომიკურ პარტნიორად აღიქვამს. ეს რიცხვი 2018 წელს 82%-ს აღწევდა.

გამოკითხვა 16-დან 29 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მასში ავსტრალიის 2 448 სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. 

ავსტრალიასა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ავსტრალიამ კორონავირუსის გავრცელების წყაროს შესახებ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა, რამაც პეკინის აღშფოთება გამოიწვია.

გასულ თვეს ჩინეთმა ავსტრალიიდან საქონლის ხორცის იმპორტი აკრძალა და ავსტრალიურ ქერზე ტარიფები დააწესა. 

მაისში პეკინმა ჩინელ ტურისტებს მოუწოდა, რომ ავსტრალიაში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ.

9 ივნისს ჩინეთის განათლების სამინისტრომ ჩინელი სტუდენტებისთვის მსგავსი გაფრთხილება გამოსცა ავსტრალიაში სწავლის შესახებ. 

ორივე შემთხვევაში, გაფრთხილებების მოტივაციაზე საუბრისას, პეკინმა მოიმიზეზა, რომ პანდემიის დროს აზიელებს რასისტული მოტივით ესხმიან თავს. 

ავსტრალიის მთავრობა უარყოფს ბრალდებას, რომ ავსტრალიაში ვიზიტი ან სწავლა მათთვის სახიფათოა.

ავსტრალიის ელიტური უნივერსიტეტების წარმომადგენლობითმა კოალიციამ, რვის ჯგუფმა განაცხადა, რომ საერთაშორისო განათლება პოლიტიკურ პაიკად გამოიყენება.

ჩინეთი ავსტრალიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივი ვაჭრობის ღირებულება წლიურად 235 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

19 ივნისს ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა თქვა, რომ ქვეყანაში ხდება კიბერთავდასხმა პოლიტიკურ და კერძო სექტორში მოქმედი ორგანიზაციების წინააღმდეგ. ამის უკანაც სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი აქტორები დგანან.

მთავრობას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნიდან მოდის თავდასხმა, თუმცა, განცხადების მიხედვით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის, შესაძლოა, ჩინეთიდან, რუსეთიდან ან ჩრდილოეთ კორეიდან მოდიოდეს.

კომენტარები