ჩინეთი-ინდოეთი

სატელიტის სურათებში ჩანს, რომ ჩინეთმა ინდოეთის საზღვართან ინფრასტრუქტურა ააშენა - Reuters

Maxar-ის სატელიტიდან გადაღებულ სურათებზე ჩანს, რომ ჩინეთმა დასავლეთ ჰიმალაიში, ინდოეთის საზღვართან, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ მხარეებს შორის სისხლიანი შეტაკება მოხდა, ახალი ინფრასტრუქტურა ააშენა.

15 ივნისს გალვანის ხეობაში ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებას ემსხვერპლა 20 ინდოელი სამხედრო მოსამსახურე და 76 დაშავდა.

22 ივნისს ინდოეთისა და ჩინეთის სამხედრო მეთაურები შეთანხმდნენ, რომ სადავო საზღვრის გასწვრივ რამდენიმე ადგილას უკან დაიხევდნენ. 

Reuters წერს, რომ უახლეს, 22 ივნისის ფოტოებში ასახული ჩინეთის ახალი ინფრასტრუქტურა ივნისის დასაწყისში გადაღებულ ფოტოებში არ ჩანდა.

ჩინეთის ახალი ნაგებობები განლაგებულია აღმოსავლეთ ლადაქის რეგიონში, გალვანის ხეობაში, გალვანის მდინარესთან. ახალი სტრუქტურა კამუფლაჟიან კარვებს წარმოადგენს. ადგილზე აშენებულია კედლები და აგებულია ბარიკადები.

სატელიტის მონაცემთა და ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტი, ნათან რასერი ამბობს, რომახალი მშენებლობები იმაზე მიუთითებს, რომ დეესკალაცია დიდად  არ შენიშნება: 

"22 ივნისს გალვანის ხეობაში გადაღებული  სატელიტის სურათი  იმაზე მიუთითებს, რომ ინდოეთის მთავრობა ჩართული არ არის.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ჯერჯერობით დუმს ინდოეთის თავდაცვის სამინისტროც. 

15 ივნისის შეტაკებამდე რამდენიმე კვირით ადრე ორი ქვეყნის მაღალი რანგის მეთაურები შეთანხმდნენ, რომ "საზღვრის ტერიტორიაზე ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მშვიდობიანად გადაწყვეტდნენ პრობლემას".

შეტაკების შემდეგ ორივე მხარე სიმშვიდისკენ მოუწოდებდა ერთმანეთს. 

24 ივნისს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ დაამტკიცეს, რომ "ორივე მხარემ უნდა მიაღწიოს ურთიერთგაგებას  და დეესკალაციას, რაზეც 6 ივნისს შეთანხმდნენ".

მანამდე ინდოეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ისინი ჩაურევლად დააკვირდებიან და ადგილზე შეამოწმებენ დაგეგმილ პროცესს.

"ასე რომ, თუ ისინი გვეუბნებიან, რომ მზად არიან უკან დასახევად, ჩვენ დაველოდებით და ამას ადგილზე ვნახავთ. მანამდე კი შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში იქნებიან", - თქვა ინდოეთის არმიის ყოფილმა ხელმძღვანელმა დეპაკ კაპორმა

ინდოეთის თავდაცვის წამყვანმა ანალიტიკოსმა, აჯაი შუკლამ Twitter-ზე დაწერა, რომ "გალვანის ხეობაში, კონტროლირებად ხაზთან, ინდოეთის მხარეზე 1.5 კილომეტრის იქით გაშლილია დიდი ჩინური ბანაკი".

ინდური მედია ინდოეთის ჯარის წარმომადგენელ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთმა ინფრასტრუქტურის აგება 15 ივნისის შეტაკების შემდეგ დაიწყო და ის მხარეების მეთაურების მიერ საუბრის გამართვამდე მიმდინარეობდა.

ყოფილმა ინდოელმა დიპლომატმა და ლადაქის საქმეთა ექსპერტმა BBC-ს უთხრა, რომ ჩინეთის აგებული ახალი კონსტრუქციები შემაშფოთებელია:

"ინდოეთის მთავრობას არც სურათები გაუვრცელებია და არც განცხადება გაუკეთებია. ამიტომ ამის შეფასება ჭირს, მაგრამ  კერძო კომპანიების ფოტოები აჩვენებს, რომ ჩინეთს უკან არ დაუხევია და ინფრასტრუქტურა ააშენა".

15 ივნისს დაპირისპირება მოხდა ქვებით და ხელკეტებით. ინდოეთმა განაცხადა, რომ გასროლას ადგილი არ ჰქონია. 1996 წლის შეთანხმებით ამ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება აკრძალულია. 

სადემარკაციო ხაზი ცუდად არის გავლებული. ორ ქვეყანას შორის ჰიმალაის მთებში გამავალი საზღვრის არაერთი მონაკვეთია  დავის საგანი. ინდოეთი ამბობს, რომ გალვანის ხეობა მისი ტერიტორიის 38 000 კვ.კმ.-ს იკავებს. ჩინეთს აქ ათასობით ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი. გასული სამი ათწლეულის განმავლობაში გაიმართა მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი, მაგრამ უშედეგოდ. ჩინეთმა და ინდოეთმა 1962 წელს იომეს. ამ ომში ინდოეთი დამარცხდა.

კომენტარები