ფრენების აღდგენა

მაჭავარიანი: ფრენის გახსნის შემთხვევაში ერთ თვეში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა ზღვაში წვეთია

საქართველოს მთავრობა

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენის ერთი თვით გადავადებაზე ლაპარაკისას ამბობს, რომ ერთ თვეში საჰაერო ტრანსპორტით ჩამოსული ტურისტების რაოდენობა "ზღვაში წვეთი " იქნებოდა.

როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, საქართველოს ტურისტული შემოსავლების 80% სახმელეთო ტურიზმიდან მოდიოდა, რასაც ქვეყანა ჯერ ვერ ხსნის.

"ფრენებშიც ძალიან დიდი წილი იყო ისევ ამ მეზობელი ქვეყნებიდან: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან. ძალიან მცირედი წილი იყო საჰაერო გზოთ შემოსული ევროპელი ტურისტის". - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

მისი თქმით, "მოდელირება რომ გააკეთოთ და ნახოთ, ფრენების გახსნის შემთხვევაში, რა რაოდენობა შეიძლება ჩამოვიდეს, ეს წვეთი ზღვაშია ერთი თვის მაგალითზე".

მაჭავარიანის თანახმად, შემცირებული მოგზაურობის ფონზე კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი შემოვიდოდა, თუმცა ამასაც მოჰყვებოდა ეპიდემიოლოგიური რისკი.

"შესაბამისად, რისკს და ბენეფიტს რომ აწონი თვითონ გეუბნება, რომ ამ ეტაპზე თავის შეკავება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა". - თქვა ფინანსთა მინისტრმა.

25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა პირველ აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

მოგვიანებით, იმავე დღეს Euronews-მა მოიპოვა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირი საზღვრების გახსნას პირველი ივლისიდან გეგმავს. ამ სიაში საქართველოც შედის.

კომენტარები