გიორგი რურუას საქმე

"შეასრულეთ 8 მარტის შეთანხმება" - პარლამენტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია იმართება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"შეასრულეთ 8 მარტის შეთანხმება, თავისუფლება რურუას"! – მოძრაობა სირცხვილია პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავს.

შეკრებილები ითხოვენ, გათავისუფლდეს გიორგი რურუა და, შესაბამისად, შესრულდეს 8 მარტის საარჩევნო შეთანხმება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს. 

"უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, რაც გულისხმობს არაიდეალური, მაგრამ გაცილებით უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღებასა და და პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ოდნავ მაინც არ აქვს შანსი, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესი დაიძრას. ბიძინა ივანიშვილისთვისაც ეს არის ბოლო შანსი, რომ რაღაცის ნორმალიზება მოხდეს ამ ქვეყანაში". – თქვა სირცხვილიას ერთ-ერთმა აქტივისტმა, ზუკა ბერძენიშვილმა.

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი დოკუმენტი ორნაწილიანია და როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, გიორგი რურუა საპყრობილეში რჩება. მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

პარლამენტმა 115 ხმით საარჩევნო სისტემის კანონპროექტს II მოსმენით მხარი 23 ივნისს დაუჭირა. კენჭისყრას 119 დეპუტატი ესწრებოდა.

I მოსმენის დროს, რომელიც 21 ივნისს გაიმართა, ევროპულმა საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და ცვლილებებს მხარი დაუჭირა, შესაბამისად, ცვლილებები 136 ხმით მიიღეს.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევდა, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი.

ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენის დროს კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ამით ხელისუფლებას მესამე მოსმენამდე – ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებამდე რურუას გათავისუფლების დრო მისცა. ამასთან, პარტიის განცხადებით, ვინაიდან საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება, რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვე ესაჭიროება.იმ შემთხევაში კი, თუ ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, ხელახალი კენჭისყრა მეორე ან მესამე დღესაც გამართონ.

ნაციონალურმა მოძრაობამ კი მიიჩნია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიიღოს მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები