უნგრეთი

უნგრეთი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, სერბეთის გარდა, საზღვრებს არ გაუხსნის

ვიკტორ ორბანი
Getty Images

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, გარდა სერბეთისა, საზღვრებს არ გაუხსნიან.

მან თქვა, რომ უნგრეთი ჯერჯერობით ვერ დაემორჩილება ევროკავშირის თხოვნას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესულთათვის საზღვრების გახსნის თაობაზე, რადგან ეს უნგრელი ხალხის ჯანმრთელობის ინტერესებში არ შედის. 

30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა ის ქვეყნები, რომლებისთვისაც პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს. უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს. ამ 15 ქვეყნიდან განსხვავებულია ჩინეთის შემთხვევა, რომელთანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება საზღვრები, თუკი პეკინიც ანალოგიურად მოიქცევა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა. ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის საზღვრებს არ გახსნის არც იტალია. ამის შესახებ  წერს La Repubblica.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შეთანხმდნენ, პირველი ივლისიდან საზღვრები გაეხსნათ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესულთათვის, იტალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გეგმას არ შეუერთდებიან და ევროკავშირის გარეთ მდებარე ქვეყნებისათვის სავალდებულო კარანტინს ძალაში დატოვებენ, მაშინაც კი, თუ ამ ქვეყნების მოქალაქეები იტალიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნის გავლით ჩავლენ.

კომენტარები