საარჩევნო კოდექსის ცვლილება

ჰარცელი საარჩევნო კოდექსზე: სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საარცევნო კოდექსის ცვლილებას ეხმაურება. ჰარცელი წერს, რომ სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება.

"მივესალმები ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ სასიკეთო ცვლილებებს კანონმდებლობაში, მათ შორის საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა მიერ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებების რეგულირებას, მეორე ტურებისთვის მკაფიოდ განსაზღვრულ რეგულაციებს, ქალთა წარმომადგენლობის მხარდაჭერას, საარჩევნო კომისიების წევრებთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვასთან დაკავშირებული წესების დახვეწასა და პარტიების დაფინანსების რეგრესული მოდელის დანერგვას.

სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება; ვწუხვარ, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული. ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს საქართველოსთვის დახმარების გაწევა მისი მიზნის მიღწევაში, რაც შემოდგომაზე არჩევნების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას გულისხმობს.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების - დაიცვას დემოკრატიული პროცესები და კანონის უზენაესობა - შესრულების შესაფასებლად. ველი, რომ პროცესი ახალი წესების დაცვით ჩატარდება და არჩევნებისთვის შემდგომი მზადება განხორციელდება. ევროკავშირი მზადაა, გაგარძელოს საქართველოსთვის დახმარების გაწევა მისი მიზნის მიღწევაში, რაც შემოდგომაზე არჩევნების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას გულისხმობს", - წერია განცხადებაში. 

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 94 მომხრე და 1 მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

კანონპროექტის თანახმად, მტკიცდება პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც დამოკიდებული იქნება არჩევნებში მიღებული ხმების საერთო რაოდენობაზე. მკაცრდება ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული რეგულაციები. დგინდება სავალდებულო გენდერული კვოტები – ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ადამიანი. საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის გავრცელება და დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.

უფრო ვრცლად ცვლილებების შესახებ - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები