აშშ-საქართველო

ილია II: ამერიკამ პირველ რიგში, თვალი მიაპყრო ღმერთს, ასე გაიარა პანდემიის ურთულესი პერიოდი

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს პატრიარქმა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს, რობერტ რედფილდსა და აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილები გაუგზავნა.

საპატრიარქოს ცნობით, 9-10 ივნისს გაგზავნილ წერილებში ილია მეორე მადლიერებას გამოთქვამს პანდემიის პერიოდში აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეგიონალური ოფისის გახსნასთან დაკავშირებით. საპატრიარქომ აშშ-ს ელჩისგან საპასუხო წერილიც მიიღო, სადაც კელი დეგნანი აქტიური თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.

"გულითადად მოგესალმებით და მოგმართავთ ქრისტესმიერი სიყვარულით. მე კარგად მახსოვს თქვენთან შეხვედრა და არც არასდროს დამავიწყდება ის განწყობა, რაც თქვენ დაგვიტოვეთ. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ მსოფლიო მასშტაბით არსებული რთული ვითარების პირობებში წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდებოდა საქართველოში გახსნილიყო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეგიონალური ოფისი, რომელიც მოემსახურება 10 ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

მიიღეთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა თქვენდამი და თქვენი ქვეყნისადმი.

მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ამერიკამ, რომელსაც აქვს უძლიერესი ეკონომიკა და უმძლავრესი სამედიცინო სისტემა, პანდემიის ურთულესი პერიოდი გაიარა არა მარტო ადამიანური შესაძლებლობების იმედად, არამედ, პირველ რიგში, თვალი მიაპყრო ღმერთს და ამითაც მაგალითი უჩვენა მსოფლიოს.

შევთხოვ უფალს, მოგმადლოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ღვთისსათნო ყოველ საქმეში წარმატება, ხოლო ქვეყანას თქვენსას არ მოაკლოს მშვიდობა, შემდგომი წინსვლა და ღვთის მფარველობა“, - ნათქვამია რობერტ რედფილდსადმი გაგზავნილ წერილში. 

ამერიკაში კორონავირუსით ორ მილიონზე მეტი ადამიანია ოფიციალურად ინფიცირებული. აქედან 130 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. 

კომენტარები