რედაქტორის წერილი

Cherchez la femme - მთავარი რედაქტორის წერილი გზააბნეულ ფემინისტებს

თამარ ჩერგოლეიშვილი
0 კომენტარი

მათე 23:27

ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა.

გასულ კვირას ქალს "შეყვარებულმა" კაცმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ნახევრად დამწვარი და დასახიჩრებული, ჰოსპიტალშია.

იმავე კვირას, ოღონდ პარალელურ რეალობაში, ადგილობრივმა ფემინისტებმა გამარჯვების ყიჟინა დასცეს ფალოცენტრული თითის ჰეტერონორმატიული, ანუ ვერტიკალური სავსავით.

ადგილობრივ ფემინისტთა ტრიუმფალური ეიფორიის მიზეზი ქართველი ქალის პარლამენტში ყოველ მეოთხედ მოსვლის უმიზეზო სიხარული გახდა.

კვოტების ავკარგიანობას მოგვიანებით შევეხები, ახლა კი იმაზე შევჩერდები, რომ ამ დიდებული გამარჯვებით თავბრუდახვეულ ქალთა უფლებებისთვის მებრძოლებს მათი ბრძოლის დეკლარირებული მიზანი დეკლარირებულადვე დაავიწყდათ.

აღმოჩნდა, რომ კვოტების მომხრეთა აზრით, ყველა ქალი, ვინც პოზიტიურ დისკრიმინაციას კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს, რომელიმე გავლენიანი მამაკაცის გაუნათლებელი თოჯინაა.

ისიც შევიტყვეთ, რომ, მათი აზრით, კვოტების მოწინააღმდეგე ქალთა წარმატება არა მათი დამსახურება, არამედ პრივილეგიაა, რომელსაც ისინი ხარბდებიან და სხვას არ უყოფენ.

ქალებმა, ვისაც მავნე სტერეოტიპებთან ბრძოლა გამოუცდიათ, კარგად იციან, რომ მიზოგინიას სქესი არ აქვს:

ბოლო კვლევებით, საქართველოში ქალების მეოთხედი მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ცოლის ცემა გამართლებულია, მაშინ, როდესაც ასე გამოკითხული კაცების ერთი მესამედი ფიქრობს.

უფრო მეტიც, ქართველი ქალების ერთ მეოთხედს სჯერა, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, როცა ის მას არ ეთანხმება. ეს იმ დროს, როცა ასე ორჯერ მეტი კაციც კი არ ფიქრობს.

ამ კვლევების შემყურეს, ბუნებრივია, გზააბნეულ ფემინისტთა თავდასხმები არ გვიკვირს – ისინიც დრომოჭმული ფასეულობებით დახუთული ქართული საზოგადოების შვილები არიან. ალბათ, ზოგიერთი მათგანი კვლავ სიამოვნებით მოსთხოვდა მამრებს – "ცოლებისთვის მიეხედათ", ამ ცოლებმა ხელის შემობრუნება რომ არ იცოდნენ.

მაგრამ გვიკვირს და გვაბრაზებს ის, რომ ერთი ხელით ქალთა უფლებებისთვის მებრძოლები, მეორე ხელით პარალელურ რეალობას ქმნიან, სადაც ქალების რეალური პრობლემებისთვის არათუ ადგილი არ რჩება, არამედ იმ ფარსის შექმნას ემსახურება, რაც რეალურ პრობლემებს ნიღბავს.

კვოტირების სასარგებლოდ ერთადერთი მყარი არგუმენტი ისაა, რომ მაგალითის შექმნას ემსახურება ისეთ საზოგადოებებში, სადაც მსგავსი მაგალითები არ არსებობს.

განსაკუთრებულ შემთხვევებში მეც ვეთანხმები კვოტების გამოყენებას – მაგალითად, ინდოეთში თავის დროზე კვოტების იმ კასტების მიმართ გამოყენებას, რომელთა ჩართულობის მაგალითები საერთოდ არ არსებობდა და ამოცანა იყო, მოქალაქეებისთვის ეჩვენებინათ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია.

მაგრამ ქართველი ქალების შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა.

კვოტის გარეშე წარმატებული ქალების მაგალითები როგორც პოლიტიკაში, ისე მის მიღმა მრავლადაა.

არასაკმარისად, მაგრამ მრავლად.

მაგალითად, ევროპულ საქართველოს პარლამენტში 19 დეპუტატი ჰყავს. ყოველი მეოთხე ისედაც ქალია. ახალი რეგულაცია ამ პარტიაში ქალთა წარმომადგენლობის მხრივ არაფერს ცვლის, სამაგიეროდ იმ ქალების უსამართლო სტიგმატიზაციას ახდენს, ვინც ბარიერი კვოტის გარეშე გადალახა.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ გარდა სტიგმატიზაციისა, პირიქით, დამატებით ბარიერებს უქმნის ქალებს და ამის კონკრეტული მაგალითი არსებობს:

2017 წლის საკრებულოს არჩევნებში ევროპულ საქართველოს თბილისსა და კიდევ რამდენიმე ადგილას მოძრავი სია ჰქონდა. შიდაპარტიული რეგულაციით, სიაში რიგითობა მაჟორიტარობის კანდიდატის შედეგზე იყო მიბმული. ანუ, ვინც უკეთეს შედეგს აჩვენებდა თავის ოლქში, ის გავიდოდა სიით.

ევროპული საქართველოდან თბილისის საკრებულოში შევიდნენ არა ის ადამიანები, ვინც კაცებს სიაში სხვებზე წინ ჰყავდათ ჩაწერილი, არამედ ელენე ოზაშვილი. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მან კაცებზე უკეთესი შედეგი აჩვენა მაჟორიტარულ არჩევნებში, მეტი ხმა მოუტანა პარტიას და ამ დამსახურებისთვის გახდა საკრებულოს დეპუტატი. 

დღევანდელი წესის გამო პირობითი "ელენე" მხოლოდ ქალებს თუ შეეჯიბრება და აჯობებს იმიტომ, რომ მას ახლა უკვე წინასწარ განსაზღვრული ადგილი აქვს და კაცებთან კონკურენციაში ახალი რეგულაციის გამო ვეღარ შევა.

ვფიქრობ, ეს კონკრეტული მაგალითი მათთვისაც ნიშანდობლივი უნდა იყოს, ვინც მიიჩნევს, რომ "კვოტებით თუ არაფერი კეთდება, არც არაფერი ფუჭდება". ფუჭდება!

უფრო მეტიც, თუ თვითგამოცხადებული ფემინისტები მართლები არიან და კაცები ქალებს თავიანთი ნებით პირველობას კი არა, მეოთხედ ყოფნასაც არ უთმობენ, გამოდის, ამ რეგულაციით, ქალებს პირველობის შანსი მთლიანად ერთმევათ.

თუ კაცებთან შეჯიბრის სივრცე მოკალი, პირველობას როგორ მოიპოვებ?

ამას გარდა, თუ გაცხადებული ამოცანა თანასწორობის დამყარებაა, რა ჯობია მაგალითისა და სტიმულის შესაქმნელად – კაცებისთვის ჯობნა, თუ ქალების სეპარატისტულ კონკურსში გამარჯვება?

განა ამისთვის არ უნდა სურდეთ ფემინისტებს კვოტები? წარმატებული მაგალითების შესაქმნელად?

ამ კითხვებზე სხვა ლოგიკურ პასუხს ვინც ვერ პოულობს, წარმოუდგენელია, არ დაინახოს ორი რეალობა.

ერთი, სადაც ქართველი ქალები ცხოვრობენ.

მეორე, სადაც ქართველი გზააბნეული ფემინისტები მოღვაწეობენ და ქალების ემანსიპაციის დროშით კიდევ უფრო ამძიმებენ იმ ქალების მდგომარეობას, რომელთაც ყოველდღიური ბრძოლა უწევთ თვითგამორკვევისთვის და იმაში დასარწმუნებლად, რომ შეუძლიათ, კაცებს აჯობონ.

ეს თუ ასე არ არის და ადგილობრივი თვითგამოცხადებული ფემინისტების ამოცანა ქალების დარწმუნებაა, რომ ისინი კაცების თანასწორნი არიან და მათთვის ჯობნა შეუძლიათ, კამპანია, რომ კვოტების მოწინააღმდეგე ქალების დამსახურება სინამდვილეში პრივილეგიაა და, შესაბამისად, დაუმსახურებელია, როგორ ეხმარება ამ მიზანს?

თუ მათი ამოცანა ქართველი ქალების გაძლიერებაა, კვოტების გარეშე გაძლიერებული ქალების მიერ დაძლეულ ბარიერებს გავლენიან კაცებს რატომ მიაწერენ და ამ გზით რად ცდილობენ მათი გამარჯვებების გაუფასურებას ?

მაგრამ ეს ამ აბსურდის მხოლოდ დასაწყისია.

ქალი გუშინაც მოკლეს.

სტატისტიკად ქცეული თავზარდამცემი ამბავი თვალსა და ხელს შუა ერთერთი თვითგამოცხადებული ფემინისტის ეგოს ამაღლების მორიგ ინსტრუმენტად იქცა.

"გითხარით მე, არასწორად გაშუქებული წინა შემთხვევის გამო, ისევ მალევე იქნება მეორე ფემიციდი-თქო და არავინ დამიჯერა... აი, რაღა ვქნა, რომ ჟურნალისტებს ფემიციდის გაშუქება ვასწავლო"? – ასეთი ბრალდება ისროლა ადგილობრივ ფემინისტ ქალთა მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა მედიის მიმართ, ამბავი გაციებას სანამ მოასწრებდა.

გაგიკვირდებათ და, ამ გზააბნეულ ფემინისტთა ლიდერის განცხადებამდე რამდენიმე წლით ადრე პატრიარქი მოუწოდებდა მედიას, არ გაეშუქებინათ ოჯახში ძალადობის შემთხვევები – "თითქმის ყოველ დღე აცხადებენ იმის შესახებ, რომ ადამიანმა ადამიანი მოკლა, შვილმა მშობლები დახოცა, მშობლებმა შვილები დახოცეს და მრავალი ასეთი სხვა. ამას აჩვენებენ, როგორც რაღაც აუცილებელს ... ჩვენ ვაძლევთ მაგალითს, რომ ხალხმა შეიძლება ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინოს, ამიტომ იქნებ არის საშუალება იმის, რომ, რაც შეიძლება ნაკლებად ვთქვათ ამ მკვლელობების შესახებ". – ამბობდა ილია მეორე.

არ ვიცი, რა ძალა აიძულებს პატრიარქალური კულტურის განსახიერებას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ადგილობრივი ფემინისტური მოძრაობის ერთერთ ლიდერს ერთნაირი შინაარსის განცხადებები აკეთონ და ყურადღება რეალური მიზეზებიდან მოგონილზე გადაიტანონ.

ის ზუსტად ვიცი, რომ ქალებს ქალობისთვის იქ კლავენ, სადაც მათ მეორეხარისხოვანი როლი აქვთ და იმისთვის, რომ პრობლემა ამოიძირკვოს, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს.

კვოტები და ქალთა წარმომადგენლობის ხელოვნური ზრდა ქალების როლის გადახედვასა და ემანსიპაციას არსად დახმარებია – არც სამხრეთ აფრიკაში, სადაც დღემდე წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტ ქალს აუპატიურებენ და ეს რიცხვი იზრდება; არც რუანდაში, სადაც ქალების ნახევარი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია; არც ბოლივიაში, სადაც ქალებს ქათმებივით კლავენ.

სამივე ქვეყანა მოწინავეა, როგორც ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის, ისე ქალებზე ძალადობის კუთხით.

ჩვენთან კვოტების წარმატების მაგალითად, რატომღაც, სკანდინავიის ქვეყნების მოყვანა უყვართ, უბრალოდ ივიწყებენ, რომ სკანდინავიაში ქალის ემანსიპაცია ლამის ვიკინგების დროს დაიწყო და რეალური გარდატეხა კვოტებს არ მოუტანია, კვოტების შემოღებამდე მოხდა.

7 წლის ვიყავი, როდესაც ერთ უცნაურ სიუჟეტში ამოვყავი თავი.

თანაკლასელს "ვუყვარდი". შესვენებაზე ბავშვებმა ამ თემაზე უწყინარი ხუმრობა დაიწყეს, როგორც ბავშვებს შეეფერებათ. მეც უწყინრად, ირონიულად ვუპასუხე. ბავშვებმა იცინეს. მალევე ბოლო გაკვეთილიც დასრულდა.

სკოლის ნახერხიან დერეფანში მივაბიჯებდი, სკოლის ეზოში კი დედა მელოდებოდა, რაღაც მძიმე როდესაც მომხვდა თავში და გონი დავკარგე.

მერე მახსოვს შეშინებული დედაჩემი და ის, რომ რამდენიმე კვირა ტვინის შერყევით ვიწექი.

ისიც მახსოვს, სკოლაში როგორ ხსნიდნენ – იმას ყვარებია, ამან დასცინა და ვერ აიტანაო.

მახსოვს, ბებიაჩემის ოთახში ვიწექი – ვხვდებოდი, რომ უცნაური რამ დამემართა – თავში წიგნებით გატენილი ჩანთა ჩამარტყეს ჩემი ირონიული სიტყვების გამო და ამას ბიჭის სიყვარულით ხსნიდნენ.

მას შემდეგ, ბუნებრივია, ასაკისა და გარემოებების შესაბამისად, ხშირად ვფიქრობ ხოლმე უკუღმა გაგებულ მამაკაცურ ღირსებაზე და ამ ეგრეთ წოდებულ სიყვარულზე, რაც არა მხოლოდ ქალებს, არამედ მთელ საზოგადოებას, 7 წლის ბავშვების ჩათვლით, ყალბი როლების სამსახურში ყოფნას, ძალადობას და ხშირად მკვლელობასაც აიძულებს.

ღირსების მკვლელობის ერთერთი განმაპირობებელი სტატუსის დაკარგვის შიშია.

იქ, სადაც ღირსების მკვლელობები ნორმაა, ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებას საზოგადოების წევრები ნაკლებ პატივს სცემენ და პათოლოგიურად ეშინიათ იმ სახის დაკარგვის, რა სახის ქონასაც მათ საზოგადოება აიძულებს.

სახის დაკარგვისა და სოციალური ჯგუფიდან გარიყვის შიში მათ ძალიან მკაცრად გაწერილი სოციალური რეგლამენტის დაცვას აიძულებს.

ასეთ საზოგადოებებში სოციალური იდენტობის მოპოვება/შენარჩუნების და სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნების მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, რომ მავანი სხვა სიცოცხლის განადგურების,- ან სამუდამო დასახიჩრებისთვისაც კი მზადაა.

"კარგ კაცს ცოლი არ გაუბოზდება"; "ეგ რა კაცია, ცოლი ვერ გაუჩერებია"; "მაგან საკუთარ დას ვერ მიხედა, თავს როგორ მიხედავს"...

ვინ არ მოუქცევიათ ასეთი კლიშეების ტყვეობაში, რამდენ ნაცნობ და უცნობ ადამიანზე მოგვისმენია მსგავსი დასკვნები?

ბუნებრივია, სტატუსის საკითხი პირდაპირ უკავშირდება კაცის დომინაციას და ქალის მეორეხარისხოვან როლს – ამის მაგალითები მრავლად იმ ქვეყნებშია, სადაც ღირსების მკვლელობებთან ერთად, ჩვილ მდედრებსაც კლავენ, გამოუსადეგრად თვლიან.

საქართველოში იგივე აბორტისას ხდება.

(ქართველ ფემინისტებს აქაც არათანმიმდევრული პოზიცია აქვთ. ისინი თვლიან, რომ ნაყოფი ქალის სხეულია და ამდენად, ქალის საქმეა, რას უზამს. ამავდროულად, მუცლადმყოფი ქალების მიზანმიმართულ მოშორებაზე ღელავენ. რაზე ღელავენ, გაუგებარია, თუ მუცლადმყოფი ქალი დედის სხეულია და არაფერი სხვა. მაგრამ აბორტის თემა შორს წამიყვანს – ამაზე სხვა დროს).

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სექსისადმი საზოგადოების დამოკიდებულება.

ღირსების მკვლელობა ხშირია იქ, სადაც სექსის და, ზოგადად, ადამიანის სხეულის მიმართ დამოკიდებულება არარაციონალური და მტრულია.

ღირსების მკვლელობებს სჩადიან არა მხოლოდ კაცები, არამედ ქალებიც, როცა, მაგალითად, ქორწინების მიღმა გაჩენილ შვილს იშორებენ, ხალხის სამსჯავროზე ხალხისვე წინასწარ განსაზღვრული ღირსების დაკარგვის შიშით.

"პატიოსანი ქალი ასე ქმარსაც არ დაენახება". – დღემდე ჩამესმის ასაკოვანი ქალის ხმა, რომელიც ავტობუსში თხელი კაბით ასულს მეცა 90-იანებში.

გზააბნეულო ფემინისტო დებო, რას ფიქრობთ, ამ ქალბატონს, რომელსაც მისი ახალგაზრდობა და შუა ხანი საბჭოთა კავშირში ჰქონდა გატარებული, არაფერი სმენოდა საბჭოთა მაღალჩინოსნების, ვიქტორია სირაძის და ნინა ჟვანიას შესახებ? თუ ვერ გაიგო, რომ "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა"?

და სანამ ამაზე ფიქრობთ, თქვენს ბრძოლაში ქალიც ეძებეთ – თუ ღმერთი გწამთ!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები