თორნიკე შენგელია ცსკა-ში

შენგელია და წითელი არმია

2019 წლის 21 ნოემბერი. შეხვედრის დასრულებამდე 47 წამით ადრე თორნიკე შენგელია ცსკა-ს ფარისკენ აგრესიულად წავიდა და მე-20 ქულა ჩაუგდო. მალევე დაცვაში საოცარი ბლოკი დააყენა, ამას კიდევ ორი ქულაც დაუმატა და მოსკოვურ გუნდს თამაშის მოგების ბოლო იმედები გადაუწურა. ქართველი რუსებთან შეხვედრაში საუკეთესო იყო და მახსოვს კიდეც, როგორ ბრაზობდნენ მათი გულშემატკივრები - ეს შენგელია ჩვენ წინააღმდეგ თითქოს რაღაც განსაკუთრებული მონდომებით თამაშობსო. ვერ გაეგოთ, რატომ.

ვერც ახლა გაიგეს, თუ რატომ გააბრაზა ქართველი გულშემატკივარი, ეროვნული გუნდის კაპიტნის რუსეთის არმიის ცენტრალურ კლუბში გადასვლამ. ესეც ხომ პირველად არ ხდება: მათ არ ესმით, რატომ მოჰყვა რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებას ამხელა ამბავი, ბუნდოვანია, რატომ იხდის ბოდიშს მოსკოვში გამართული კონცერტის გამო ნინო ქათამაძე, ვერ აუხსნიათ, რატომ არ მართავს რუსეთში კონცერტებს ბუბა კიკაბიძე, რატომ უსტვენს ქართულ-რუსული სარაგბო დაპირისპირებისას ათასობით ქართველი რუსეთის ჰიმნს და მრავალი სხვა.

"ჩემს პატრიოტიზმზე და სამშობლოს მიმართ სიყვარულზე რამე ახსნა-განმარტებების დაწყება, ცოტა უცნაურად მიმაჩნიაო" უთქვამს, ჰოდა ეგებ რუსების მსგავსად, აქეთ სჭირდებოდეს ახსნა, თუ რატომაა მისი გადაწყვეტილება გაუგებარი, არასწორი და სამარცხვინო. პატრიოტი ან ხარ, ან - არა. საქართველოს დროშის ზურგზე მოხვევა, ან ინსტაგრამზე #GeoSoul-ის წერა რუსეთის არმიის ცენტრალურ კლუბში გადასვლას ვერ გადაფარავს. სწორედ ახლა დადგა შენგელიასთვის რეალური ტესტი და, სამწუხაროდ ეს ტესტი ვერ ჩააბარა.

განა ვერ ვხვდებით, რომ სპორტული თვალსაზრისით ცსკა მისი კარიერისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია? რუსებს შენგელიას ყოფილ კლუბთან შედარებით გაცილებით დიდი სახელიც აქვთ, ტიტულებიც და ფულიც. ისიც ვიცით, რომ ნაკრების კაპიტნის ესპანური გუნდიდან წასვლის დრო მოვიდა - ის ელიტური დონის მოთამაშედ ჩამოყალიბდა და უკეთეს გუნდში ყოფნას იმსახურებს. ცხადია ეს თავად ყველაზე უკეთ იცის და შესაბამისი ამბიცია რომ აქვს, რა გასაკვირია? მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვურ გუნდს საუკეთესო დრო არ უდგას, შემდეგი სეზონისთვის დიდ მიზნებს ისახავს და ამ პროექტის ცენტრად, სწორედ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელის - თორნიკე შენგელიას მოიაზრებს. ჰოდა სწორედ ამიტომ მოჰყვა ამ ფაქტს ამხელა ამბავი - შენგელია მაგარი მოთამაშეა, რომლის გადაბირება რუსებს წლების მანძილზე სურდათ და, ცხადია, ამხელა რეზონანსი ამითაც აიხსნება. ამის მიუხედავად, ვერც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტი ვერ გაამართლებს ქართველის ცსკა-ში გადასვლას.

შენგელიას ჰქონდა არჩევანი - იწერებოდა მის მიმართ მადრიდის რეალის დიდ ინტერესზე, ნახსენები იყო სხვა გუნდებიც და თუ დავუშვებთ კიდეც, რომ ცსკა-ს გარდა ყველა სხვა გუნდმა მისი გაფორმება გადაიფიქრა, როდესაც შენი ქვეყნის პატრიოტად მიგაჩნია თავი, ოკუპანტის არმიის მფარველობის ქვეშ მყოფ გუნდში გადასვლა, განსახილველი ვარიანტიც კი არ უნდა იყოს. მით უმეტეს, როდესაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კონტრაქტი გაქვს, გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშე და გუნდის ლიდერი ხარ, ეს გადაწყვეტილება ასეთი რთული მისაღებიც არ უნდა იყოს, მაგრამ შენგელიამ სხვაგვარად გადაწყვიტა და, შესაბამისად, მის ნათქვამს რომ დავუბრუნდეთ, პატრიოტიზმის რაობის ახსნა საჭირო აღარ არის, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველაფერს პასუხი უკვე თავადვე გასცა.

საფუძვლიანად განაწყენებულმა გულშემატკივრებმა პოზიცია ცსკა-სა და თავად შენგელიას ფეისბუქ გვერდებზე დააფიქსირეს, თუმცა თავად კალათბურთელისა და რუსების მსგავსად, იყვნენ ისეთი ქართველებიც, ვინც ვერ ახსნა, თუ რატომ არის ტრანსფერი სამარცხვინო. კალათბურთის ფედერაციისა და ნაკრების ყოფილი კალათბურთელის, ვიქტორ სანიკიძის განცხადებები, ერთნაირად აცდენილია რეალობას. მთლიანობაში პათოსი ასეთია, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს და მხარდაჭერას უცხადებს თორნიკე შენგელიას. სანიკიძემ მარკოიშვილის შემთხვევაც ახსენა, რომელიც ამ დღეებში უკვე არაერთხელ ახსენეს რუსეთშიც და საქართველოშიც. საქმე ისაა, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ფაჩულიას გუნდიდან წასვლის შემდეგ კი სულაც კაპიტანი, მანუჩარ მარკოიშვილიც, ერთი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში და ბევრს ვერ გაუგია, თუ მაშინ არ ჰქონდა ქართველ გულშემატკივარს მასთან პრობლემა, მაშინ ახლა რაღა შეიცვალა?

და სწორედ აქ მივადექი მთავარ სათქმელს: ეს ხალხი ამ კონკრეტულ საკითხში, ვფიქრობ, მართალია. ჩვენ, ყველა, ვინც დღეს სამართლიანად ვართ აღშფოთებული თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლით, დამნაშავე ვართ, რომ თავის დროზე მარკოიშვილის ამბავმა ასე ხავერდოვნად გადაიარა. განა მაშინ არ იყო მარკოიშვილისთვის სპორტული თვალსაზრისით ცსკა-ში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯი? ან მაშინ არ კლავდა რუსეთი ქართველებს და იტაცებდა მიწებს? ცხადია, კი, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ იშვიათი შემთხვევების გამოკლებით, ეს ამბავი ჩაყლაპა. ჩაყლაპა, ისე როგორც წლების მანძილზე ყლაპავდა ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლების კონცერტებს რუსეთში, ან რაც უფრო თემატურია, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილე ქართველი სპორტსმენების მტრულ ქვეყანაში გამოსვლას.

შენგელიას მოსკოვში დახვდება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი სოლომონ კვერკველია, რომელიც დედაქალაქის ლოკომოტივის ღირსებას იცავს, ყაზანის რუბინში თამაშობენ დავითაშვილი და კვარაცხელია, ტულის არსენალში - გრიგალავა, უფაში - ტაბიძე, ვოლგოგრადის როტორში - ბექა მიქელთაძე... ეს ახლა, თორემ წლებია ქართველი ფეხბურთელები რუსეთში მიდი-მოდიან, რამდენიმე წლის წინ კი რუსულ ორენბურგს ქართველი მწვრთნელი, თემურ ქეცბაიაც კი წვრთნიდა. რუსეთში წლების განმავლობაში თამაშობენ ქართველი მორაგბეებიც.

არც ერთხელ ამაზე ჩვენ სერიოზული რეაქცია არ გვქონია. ფეხბურთელები კი მიდიოდნენ, მიდიან და კვლავაც წავლენ რუსეთში, რადგან იქ საშუალო ევროპულ საფეხბურთო გუნდებთან შედარებით გაცილებით მეტს უხდიან და მხოლოდ იშვიათად თუ არჩევენ პრაგმატულად მოაზროვნე ახალგაზრდა მოთამაშეები სამომავლოდ უკეთესი პერსპექტივისთვის, რუსეთის ნაცვლად ევროპაში ნაკლებ ხელფასზე თამაშს.

იქნებ ესეც იყო ერთ-ერთი არგუმენტი შენგელიასთვის? იქნებ, თუ სხვებისთვის მოსულა, მის შემთხვევაშიც არაფერი დაშავდებოდა? კი, ცსკა-ს ფაქტორი თავისას შვრება - არმიის სპორტულ კლუბს სხვა მნიშვნელობა აქვს, რუსებიც სხვანაირად იყენებენ სხვადასხვა პროპაგანდისტული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის და ამიტომ მას დაფინანსებაც არასდროს აკლდა. თუმცა, მთლიანობაში იგივე ლოკომოტივიც და სპარტაკიც, რუსეთის მთავრობისთვის, საერთაშორისო არენაზე, სულ ცოტა, იმიჯის გაკეთილშობილების ინსტრუმენტებია.

ასეა თუ ისე, თუ გვსურს, პრობლემას საფუძვლიანად შევხედოთ, ჩვენი, როგორც საზოგადოების, ბრალს ვერ გავექცევით. საზოგადოებისა, რომელიც იზრდება - რაც ადრე მოსული იყო, დღეს აღარ არის და ამ მხრივ ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთმნიშვნელოვნად მივიწევთ წინ, მაგრამ მსგავსი რაღაცები გვეპარება.

შენგელიას შემთხვევა ძალიან ჰგავს უკრაინელი ფეხბურთელის, იაროსლავ რაკიცკის ამბავს. დონეცკის შახტარისა და უკრაინის ნაკრების მცველი 2019 წლის დასაწყისში სანქტ-პეტერბურგის ზენიტში გადავიდა, რამაც მის სამშობლოში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. რაკიცკი რუსულ გუნდთან კონტრაქტის გაფორმების გამო ქვეყნის მოღალატედ შერაცხეს, რაზეც თავად ფეხბურთელი ამბობდა, პოლიტიკა არ მაინტერესებს, ზენიტი კარგი გუნდია და ჩემი კარიერისთვის ასე ჯობიაო. ხომ ნაცნობი სცენარია? იყვნენ ისეთებიც, ვინც მცველს მხარდაჭერა გამოუცხადა და გაიხსენა, რომ მის მსგავსად სანქტ-პეტერბურგულ კლუბში მანამდე სხვა უკრაინელი - ანატოლი ტიმოშჩუკიც თამაშობდა, რაც ასეთი პრობლემა არ გამხდარა. ესეც ხომ მსგავსი ‘გამართლებაა’? რაც შეეხება უკრაინული მხარის რეაქციას, მიუხედავად იმისა, რომ რაკიცკი ეროვნული ნაკრების დაცვის წამყვან მოთამაშედ ითვლებოდა და მის შემადგენლობაში 50-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, ზენიტში ტრანსფერის შემდეგ, ფეხბურთელი ნაკრებში აღარ გამოუძახებიათ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებიდან ჩანს, რომ შენგელიას მსგავსი არაფერი ემუქრება. რუსული არმიის კლუბის წევრობის პარალელურად, ის კვლავ ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში, თუმცა როგორი იქნება საზოგადოების, გულშემატკივრების რეაქცია, ეს სხვა საკითხია. ან ჩვენ ვისწავლით და შემდგომში ვასწავლით მომღერლებს, მოცეკვავეებს თუ სპორტსმენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ნებისმიერი სახის კოლაბორაციისთვის ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ, ან ასე გავატარებთ და მომავალში კიდევ მივიღებთ შეიძლება შენგელიას რანგის არა, მაგრამ სხვა მსგავს შემთხვევებს. ფაქტია, რომ ჩვენ ჯერ ვერ გავიაზრეთ, რომ პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული, ინსტაგრამის ჰაშთაგსა და საქართველოს დროშის ფრიალზე მეტია და სწორედ ასეთ მომენტებში ვლინდება. ფაქტია, ჩვენში ბევრს ჰგონია, რომ, რადგან ყოველდღიურად საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, რუსეთთან ომის პირობებში არ ვართ. ფაქტია, რომ ჯერ კიდევ გვგონია, ოკუპაციას აუცილებლად იარაღით და მხოლოდ ჯარისკაცები უნდა ებრძოდნენ. ჰოდა, როდესაც გავითავისებთ, რომ ოკუპაციას ყველა ჩვენი "იარაღით" უნდა ვებრძოლოთ, მერე იქნებ შენგელიაც მიხვდეს, რატომ არ მიგვაჩნია ის ქვეყნის პატრიოტად.

კომენტარები