აშშ-ჩინეთი

აშშ ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრს სანქციებს უწესებს

0 კომენტარი

აშშ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური პოლიტბიუროს წევრს და სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციებს უწესებს.

ჩინეთის პოლიტბიურიო შედგება 25 მაღალჩინოსნისგან, რომლებიც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ზედამხედველობენ. პოლიტბიუროში შედის მუდმივი კომიტეტი - უმაღლესი ხელმძღვანელობა, რომლის პირველი წევრია სი ძინგფინი.

"აშშ არ დარჩება უმოქმედოდ მაშინ, როცა ჩინეთის კომუნისტური პარტია ადამიანის უფლებებს არღვევს და მიზანში იღებს უიღურებს, ეთნიკურ ყაზახებს და სინძიანგში ეთნიკური უმცირესობის სხვა ჯგუფების წევრებს, რათა იძულებით ამუშაონ, თვითნებურად მასობრივად დაიჭირონ, მოსახლეობა იძულებით აკონტროლონ და მათი კულტურა და მუსლუმური სარწმუნოების წაშლა სცადონ," - წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

ამას გარდა, სანქციები ეკისრება ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის სამ წევრს და კომუნისტური პარტიის სხვა წევრებს. 

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი ამბობს, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აშშ-ს სანქციები შეხებია:

"ამას რეალური გავლენა ექნება მსოფლიოში მის გადაადგილებაზე, ბიზნესსაქმიანობაზე".

ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის სანქციები დაუწესდა პარტიის ყოფილ ვიცემდივანს და ამჟამად რეგიონული საკანონმდებლო ორგანოს ვიცემდივანს ჭუ ხაილუნს, სინძიანგის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს დირექტორს და კომუნისტური პარტიის მდივანს ვანგ მინშანს და ბიუროს პარტიის ყოფილ მდივანს ჰუო ლიუძუნს

პომპეოს თქმით, ჩენს, ჭუს და ვანგს და მათ ოჯახებს, ასევე კომუნისტური პარტიის სხვა ოფიციალურ პირებს, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, აშშ-ში მოგზაურობა ეკრძალებათ. 

"ძალიან დიდ ხნის მანძილზე ჩინელ ჩინოვნიკებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ ჩადენილ დანაშაულთა გამო, რომელთა შორის, სავარაუდოდ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებია," - თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ. მას მიაჩნია, რომ კიდევ მეტი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. 

აშშ ყველა ქვეყანას, რომელიც სინძიანგზე ამერიკის შეშფოთებას იზიარებს, მათი ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს. 

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო ჯერჯერობით დუმს. 

სანქციები გლობალური მაგნიტსკის აქტის ნაწილია, რომლითაც აშშ-ს შეუძლია, მსოფლიოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს სანქციები დაუწესოს, მათ შორის, გაუყინოს ნებისმიერი ამერიკული აქტივი, აშშ-ში მოგზაურობა აუკრძალოს და ამერიკელებს მათთან ერთად ბიზნესსაქმიანობა აუკრძალონ. 

მაგნიტსკის აქტი 2012 წელს აშშ-ს კონგრესმა მიიღო. თავდაპირველად ამ კანონით სავიზო და ფინანსური სანქციები შეეხო იმათ, ვინც რუსეთში ადამიანის უფლებებს არღვევდა და ვისაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული სერგეი მაგნიტსკის დევნაში. 2015 წელს სენატმა მხარი დაუჭირა კანონის გაფართოებას და ის ცნობილი გახდა მაგნიტსკის გლობალური აქტის სახელით.

მანამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ჩინეთის ეთნიკური უმცირესობის, მუსლიმი უიღურების იძულებითი სტერილიზაციისა და აბორტის შესახებ მიღებულ ცნობებზე თქვა, რომ ეს შოკისმომგვერელი და შემაწუხებელია.

სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წელია, ჩინეთის მთავრობა სინძიანგის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი "დემოგრაფიულ გენოციდსაც" კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა მოიპოვა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტები შეიცავს 9-გვერდიან მემორანდუმს, რომელიც 2017 წელს სინძიანის კომუნისტური პარტიის მდივნის მოადგილემ გაუგზავნა რეგიონის უშიშროების ძალების წარმომადგენლებს, მათ, ვინც ბანაკებს მართავს. ინსტრუქციებში ნათქვამია, რომ ბანაკები უნდა მართონ ისევე, როგორც დაცული ციხეები, მკაცრი დისციპლინითა და დასჯის მეთოდებით, რათა გაქცევა ვერავინ მოახერხოს.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ.

გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ჩინეთი თავდაპირველად მსგავსი ცენტრების არსებობას უარყოფდა, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ეს გადასამზადებელი ცენტრებია. New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები კი აჩვენებს, რომ მუსლიმების მასობრივი დაკავების ბრძანებას ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენლები გასცემენ. ის ასევე მოიცავს სი ძინპინის მანამდე გამოუქვეყნებელ გამოსვლებს, რომლებშიც ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, "ტერორისტებისა" და "სეპარატისტების" წინააღმდეგ დაუნდობლად იმოქმედონ.

მისი ეს გამოსვლა 2014 წელს, სინძიანის ცენტრალურ ქალაქში ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ შედგა.

დოკუმენტების მიხედვით, რეპრესიებში მოჰყვნენ მმართველი კომუნისტური პარტიის ის წევრებიც, რომლებიც მთავრობის კამპანიას არ ეთანხმებოდნენ და დაკავებული უიღურების გათავისუფლებას ცდილობდნენ.

New York Times-ის მიხედვით, დოკუმენტები მათ გადასცა ჩინეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელმა, რომელსაც არ სურს, რომ სი და კომუნისტური პარტიის სხვა მაღალჩინოსნები დაუსჯელები დარჩნენ.

უიღურები ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ეთნიკურად ისინი ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და, ძირითადად, მუსლიმები არიან.

გასულ წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანმანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. საკანონმდებლო შესწორების მიხედვით, ცენტრებში უნდა ისწავლებოდეს მანდარინი და ხელობის სწავლის გარდა, "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის.

ისინი, ვინც ამ ცენტრებს თავი დააღწია, ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფასა და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ლაპარაკობენ. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ისინი ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები