აია-სოფია

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

აია-სოფია
shutterstock

თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია-სოფიას საკითხზე იმსჯელა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1934 წელს აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილება ანულირებულია. შესაბამისად, ამის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, აია-სოფია კვლავ მეჩეთად გადაკეთდეს.

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ემხრობოდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მმართველი პარტია.

10 ივლისს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცვლილებების შემთხვევაში აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.

გაეროს სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აია-სოფია სტამბოლის ისტორიული არეალის ნაწილია და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულია მუზეუმის სტატუსით, რასაც თან ახლავს გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებები.

"შესაბამისად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ისეთი ცვლილებები, რაც ამ ტერიტორიაზე არსებული საკუთრების გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას შეცვლის. ნებისმიერი ცვლილებისათვის აუცილებელია ქვეყანამ წინასწარ აცნობოს UNESCO-ს და შემდეგ, საჭიროების მიხედვით, საკითხი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა შეისწავლოს". - ვკითხულობთ განცხადებაში.

UNESCO-ში განაცხადეს, რომ მათ არაერთი წერილით მიმართეს თურქეთს, გაითვალისწინოს ეს გარემოებები და დაიცვას მემკვიდრეობის უნიკალურობა და მნიშვნელობა.

"მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, ჩაერთოს დიალოგში, სანამ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, რაც ძეგლის უნივერსალურ ღირებულებაზე მოახდენს გავლენას". - ვკითხულობთ განცხადებაში.

თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია-სოფიის საკითხზე 2 ივლისსაც იმსჯელა. განხილვა 17 წუთს გაგრძელდა და გადაწყვეტილების მიღება 15 დღით გადაიდო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პირველ ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც თურქეთს მოუწოდა, დატოვოს აია-სოფია მუზეუმად. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრიტიკა და მოწოდებები თურქეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად გამოაცხადა.

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავ ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

აია-სოფიას ისტორიის და ერდოღანის პოლიტიკის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში - წმიდა სიბრძნის ბედი თურქეთში - აია-სოფია და ერდოღანის მესიჯი დასავლეთს.

კომენტარები