ევროპული საქართველო

კომუნისტები და ფარისევლები კვოტების სადარაჯოზე

პატივს ვცემ და მხარს ვუჭერ ქალთა ორგანიზაციებს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში. ყოველი შემთხვევა, როდესაც სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი, თუ სხვაგვარად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილი ქალები ხმას იღებენ და იმარჯვებენ, ჩვენი საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე პატივს ვცემ იმათ აზრს, ვისაც ამ კონტექსტში გარღვევის – რაც ჩვენი ყველას სურვილია – წინაპირობად კვოტები მიაჩნია.

ამავდროულად, გაოგნებული ვარ იმით, რომ მათი ნაწილი მზადაა, საკუთრივ კვოტების მიმართ სკეპტიკურად განწყობილები დეგრადირებულებად, წარსულში ჩარჩენილებად და ლამის მოძალადეებად გამოაცხადონ. ფარისევლები კი, ვისაც თავად აქვს რეტროგრადული შეხედულებები, ამ თემაში მოკავშირედ მოიაზრონ.

თუკი გამაოგნებელი სექსუალური შევიწროების შემთხვევის შემოქმედი ენზელ მკოიანი (რომელიც საბავშვო ბაღის მასწავლებელს აშანტაჟებდა და მერე სისხლის სამართლის დევნა დააწყებინა მის წინააღმდეგ), კვოტებს მისცემს ხმას, ამით ის ქალთა უფლებების მხარდამჭერად და ლობისტად გადაიქცევა, ხოლო კვოტების მიმართ სკეპსისი სერგი კაპანაძეს ქალთა ჩაგვრის მომხრედ აქცევს? მაკვირვებს განათლებული ადამიანების მზადყოფნა, ქართულ ოცნებას დიდი პლუსი დაუწერონ ბევრი გუგული მაღრაძის გადეპუტატებისთვის.

რა მნიშვნელობა აქვს ბიძინა ივანიშვილისთვის პარლამენტში ქალი მონები ეყოლება, თუ კაცი მონები? რატომ უნდა დავეხმაროთ მას თუნდაც მემარცხენე შეხედულებების დასავლურ ორგანიზაციებთან პლუსის დაწერის მცდელობაში? სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობამ რაიმე კუთხით საქართველოში ქალთა მძიმე ყოფა გააუმჯობესა?

2018 წლის კამპანიის დროს ქართული ოცნების ერთერთი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტნიორებთან სწორედ სალომე ზურაბიშვილის სქესზე ხაზგასმა იყო – არაერთხელ პირადად შევსწრებივარ ამას სტრასბურგშიც, ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც. ჩემი კოლეგები ქართული ოცნებიდან კოორდინირებულად მოთქვამდნენ, იმიტომ ესხმის ოპოზიცია თავს ზურაბიშვილს, რომ ის ქალიაო. იმასაც ამტკიცებდნენ, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ქალთა უფლებების კონტექსტში დიდი პროგრესის მომტანი იქნებაო. ყველა არაა ვალდებული, საქართველოს კონტექსტი კარგად ესმოდეს, ზოგმა ეს სისულელე იმ დროს, დიახაც, დაიჯერა.

ერთი სიტყვით, გენდერული კვოტები ქართული ოცნებას დაეხმარება, შექმნას ოპტიკური ილუზია, რომელიც რეალური პრობლემებიდან ყურადღებას გადაიტანს და ამ საკითხზე მომუშავეთა რესურსებს კი დაქსაქსავს.

კვოტების მომხრეები მუდმივად აპელირებენ "კვლევებზე", რომლებიც კვოტების უალტერნატივობას ამტკიცებს. თუმცა, რა უნდა ვუყოთ კვლევებს, რომლებიც საწინააღმდეგოზე მეტყველებს? – მაგალითად, 2009 წელს არაბული სამყაროს ქალთა კვლევების ინსტიტუტის ჟურნალის ნომერში, რაც სრულად კვოტებს ეძღვნებოდა, წერია, რომ "კვოტები ხშირად მოჩვენებითი/PR ზომაა, ვიდრე გენდერული თანასწორობის მიმართ ერთგულების მაჩვენებელი. გენდერული კვოტები პოლიტიკურ მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, თავი გენდერული თანასწორობის მხარდამჭერებად წარმოაჩინონ მაშინ, როცა ისინი საზოგადოებაში ქალთა უფლებებსა და სოციალურ მობილობას სრულად უგულებელყოფენ".

ამასთან, ჰამბურგში მდებარე მაქს პლანკის ინსტიტუტის 2011 წლის კვლევის თანახმად, კვოტების შემოღება მათი დეკლარირებული მიზნების მიღწევას სულაც არ უწყობს ხელს. რუანდაში კვოტების შემოღებამ მმართველ ძალას დემოკრატიული და პროგრესულობის ერთგვარი ალიბი შეუქმნა მაშინ, როდესაც, სინამდვილეში, ქალთა ჩაგვრა იქ კვლავ მძიმე პრობლემაა. კვოტები ასევე ფრიად წარუმატებლად მიიჩნევა ბრაზილიასა და ლათინური ამერიკის არაერთ ქვეყანაში, მაგალითად, პერუსა და კოსტა რიკაში. ორივე შეხედულების გამამყარებელი კვლევების არსებობა აჩვენებს, რომ თემა ლეგიტიმური დისკუსიის საგანია და მისი ზედმეტი იდეოლოგიზება ან განსხვავებული მიდგომის მომხრე, თუმცა, ამავდროულად ყველა სხვა საკითხში იმავეს მოსურნე ადამიანების ჩლუნგებად გამოცხადება და ფარისევლებთან ალიანსი პრაგმატულად მცდარი, საერთო ჯამში კი, მიზნისთვის – ქალთა უფლებების უკეთ დაცვის – დამაზიანებელია.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპულ საქართველოს ექვს ქალაქში – თბილისი, თელავი, ზუგდიდი, რუსთავი, ხაშური და ამბროლაური –მერობის კანდიდატებად სწორედაც ქალები ჰყავდა, კვოტების მომხრე ქართულ ოცნებას კი – ყველგან კაცები. ერთმა პატივცემულმა "კვოტისტმა" მითხრა, ეს იმიტომ ქენით, რომ მაინც აგებდით, თორემ გამარჯვების იმედი რომ გქონოდათ, ხომ კაცებს დააყენებდითო. ანუ ხმების აღება არ გინდოდათ და ცუდი კანდიდატები დააყენეთო. ეს შეურაცხმყოფელია და, უპირველს ყოვლისა, ამ ქალების მიმართ. ევროპულ საქართველოს სურს დანერგოს ღია სიის პრინციპი, რის მიხედვითაც, კანდიდატები სხვადასხვა ოლქში მოპოვებული შედეგით მოხვდებიან პარლამენტში და არა იმის, თუ ვის სად "ჩაწერენ". განა ამომრჩეველთა მიერ პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობაზე გავლენის მოხდენა კვოტების მომხრეთათვის, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერთათვის, ფასეულობა არ არის? თუ კვოტებია უკვე თვითმიზანი?

აი, ენზელ მკოიანს რომ ეპიკური სექსუალური შევიწროების საქმე გაუსკდა, მაშინ გუგული მაღრაძემ, ან კვოტების მომხრე რომელიმე ქართული ოცნების ქალმა დეპუტატებმა ხმა ამოიღეს? ნუთუ საკუთრივ ეს მაგალითი არ გვაჩვენებს, რა თამაშს თამაშობს ოცნება?

რამდენიმე მეგობარმა გუგული მაღრაძის დაცვაც სცადა. მას ეს საკითხი მართლა აღელვებსო, განსხვავებით კაცი დეპუტატებისგანო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ დამიტოვეთ უფლება, რომ თავგადაკლული კომუნისტებისგან, რომლებიც ხელების გადატყავებამდე უკრავდნენ ტაშს საბჭოთა რეჟიმს, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც, ჭკუის სწავლება არ მივიღო არცერთ საკითხზე. საერთოდ არცერთზე. საბჭოთა კავშირის მიმართ მისი დამოკიდებულებით თუ დაინტერესებულხართ? ანდაც იმით, სტალინის ძეგლების დადგმაზე რას ფიქრობს? მე დავინტერესდი და არა უშავს რა, რომ დგასო. ეგეც ხომ ჩვენი ისტორიააო. მერე რა მოხდაო.

1983 წელს, იური ანდროპოვის დროს, უდანაშაულო მღვდელი თევდორე ჩიხლაძე რომ დახვრიტეს და საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრისთვის დისიდენტებით სავსე რომ იყო გულაგი, ქალბატონმა გუგულიმ ლენინზე გადაწყვიტა ნაშრომის გამოქვეყნება, სადაც აღნიშნავდა: "კომუნიზმის მშენებლობის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ახალი ტიპის ადამიანი, ყოველმხრივი და ჰარმონიულად განვითარებული. არსებითი ადამიანური ძალების თავისუფალი და სრული გამოვლინება არის კომუნიზმის წარმატებით მშენებლობის აუცილებელი პირობა".

გია ვოლსკიც, კომპარტიის ცეკას ინსტრუქტორი, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, ემხრობა კვოტებს – ასე უთხრეს, საჭიროაო და ესეც ემხრობა. ჰოდა, კომუნისტებისგან, განსაკუთრებით ასეთი ბიოგრაფიის კომუნისტებისგან, ვერცერთ საკითხზე გულწრფელობას ვერ დავიჯერებ. არც თქვენ გირჩევთ.

ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავდროულად, არც მორალური ორიენტირებია სულ უსარგებლო რამ.

კომენტარები