კორონავირუსი საქართველოში

ხოშტარია შეზღუდვების გახანგრძლივებაზე: ეს არის სპეკულაცია და აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებს

ევროპული საქართველოს ლიდერის, ელენე ხოშტარიას აზრით, ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 1 იანვრამდე გახანგრძლივება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, ამ თემით სპეკულაციის მცდელობაა და აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. 

დეპუტატის შეფასებით, ქართული ოცნება ამ ქმედებით ცდილობს ძალაუფლების მიტაცებას და პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის დაზიანებას. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ გაუგებარია, თუ რაში სჭირდება მთავრობას ეს ძალაუფლება.

"უფრო სწორად, გასაგებია პოლიტიკურად, მაგრამ გაუგებარია რაციონალურად, ლოგიკურად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში ყველა საუბრობს, რომ პანდემიამ გააჩინა საფრთხე ავტორიტარიზმის გაძლიერების და ჩვენ ვართ სწორედ იმ ქვეყნების რიგში, სადაც ძალიან დიდი ლუპით გვიყურებენ, ეს ასე ხომ არ ხდება, მით უმეტეს, საარჩევნო პერიოდში.

ამიტომ, მე სიმართლე რომ გითხრათ, თქვენი გადარწმუნების იმედი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ყველა კარგად ხედავს, როგორ სპეკულირებთ ამ თემით და როგორ აზიანებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს კიდევ ერთხელ". – თქვა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის სხდომაზე.

ამ დროისთვის მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და, შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესება მხოლოდ 15 ივლისამდე შეუძლია. 

შეზღუდვების 1 იანვრამდე გახანგრძლივების კანონპროექტს კენჭი დღეს, რიგგარეშე პლენარულ სესიაზე უნდა უყარონ. განხილვას ოპოზიციური პარტიები, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დაესწრებიან. 

ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებებს მხარი უკვე დაუჭირა.

კომენტარები