ლუკა სირაძის საქმე

ლუკა სირაძის დედა: ჩოლოიანი ეუბნებოდა, კისერს მოგიგრეხო, კიდევ 4-5 ადამიანი აშანტაჟებდა

0 კომენტარი
ფოტო: ფორმულა

15 წლის ლუკა სირაძის დედის, ელიკო ჩხიტუნიძის თქმით, 2019 წლის 10 დეკემბრის გამოკითხვაზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი არასრულწლოვნის "მდგომარეობიდან გამოყვანას" ცდილობდა და აშანტაჟებდა. TV ფორმულას ეთერში ჩხიტუნიძემ თქვა, რომ ჩოლოიანის გარდა, "კიდევ ოთხი-ხუთი პიროვნება, ვინც გაივლიდა და გამოივლიდა, ეუბნებოდა ლუკას – ჩაალაგოს შენმა ძმამ ჩემოდანი, შენ თუ არ აღიარებ, საქმე გაუფუჭდება, ვაი, შე საცოდავო".

გარდაცვლილი მოზარდის დედა ამბობს, რომ მარიანა ჩოლოიანი არასრულწლოვანს "კისრის მოგრეხვით" ემუქრებოდა.

"ვაჟბატონო, შენ არ იცი, რისთვის დაგიბარეო? კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერიო? ლუკაც გაბრაზდა... ცდილობდა მარიანა, რომ ბავშვი გაეღიზიანებინა და და მდგომარეობიდან გამოეყვანა, რაც მოახერხა... ეუბნებოდა, შენი საქციელით, მანერებით, გადახოტრილი თმებით, კაპიშონით ზუსტად შენ ხარ გამკეთებელი, იქ გიკრავ თავს, სადაც შენი ადგილია და მოგხედავენო... იცი, შენს ძმას რას უზამენ შენი გულისთვის? გამოაგდებენ, საქმეს გაუფუჭებენ, ვერსად ვეღარ იმუშავებსო". – ამბობს ელიკო ჩხიტუნიძე.

ლუკა სირაძის დედის თქმით, გამომძიებელი სხვა არასრულწლოვნებსაც, გარდაცვლილი მოზარდის მეგობრებსაც აშანტაჟებდა.

"მერე მილიციელის ერთერთი თანამშრომელი წამოვიდა, დაგვიწყო გინება, ვიღაცამ ძაღლებად მოგვიხსენია და იმის დედაო, ყვირილით. სასწაული ხდებოდა, ყველა მხრიდან ყვირილი, ყველა მხრიდან შანტაჟი ... ამ ხმაურსა და გინებაზე გამოვიდა ოთახიდან, აღმოჩნდა, რომ იყო მილიციის უფროსის მოადგილე, რევაზ მამასახლისი და თავისთან შეიყვანა ლუკა კაბინეტში. 7 წუთი იყო ოთახში ბავშვი, რომ გამოვიდა, სახე ჰქონდა ალეწილი, ნამტირალევი, არ მომეწონა სახე, ნამდვილად ვიტყვი, რომ გარტყმული ჰქონდა სახეში, მაგრამ არ თქვა – კაპეზეთი დამემუქრაო. მოვიდა, დაჯდა ტირილით". – ამბობს ელიკო ჩხიტუნიძე.

15 წლის ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება". ფაქტი, რომ მოზარდი 20 წუთის განმავლობაში მშობლის გარეშე იმყოფებოდა პოლიციაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 19 დეკემბერს დაადასტურა.

ასევე, საქმიდან ცნობილია, რომ გამოკითხვის შემდეგ კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენების იძულებით მიღებისთვის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მტკიცებით, მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ მინიმუმ სამი პოლიციელი ახდენდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები