კორონავირუსი

საგარეო: ბელგიიდან დაბრუნებული ზალკალიანი კარანტინში არაა, ტესტს ყოველ 72 საათში გაიკეთებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელგიიდან დაბრუნებული დავით ზალკალიანი კარანტინში არ არის და ის ტესტს 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ გაიკეთებს.  

როგორც ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, ზალკალიანი დღეს, 16 ივლისს, მთავრობის სხდომას ესწრებოდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

"საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის თანახმად, რომელიც ადგენს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს, აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმალობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი. სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე", - ამბობენ უწყებაში.  

მანამდე, ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა მთავრობას კითხვით მიმართა, გაივლიდა თუ არა ორკვირიან სავალდებულო კარანტინს დავით ზალკალიანი მას შემდეგ, რაც ბელგიიდან საქართველოში დაბრუნდა. 

კანდელაკის თქმით, ბელგია საქართველოს მთავრობას ე.წ "მწვანე ქვეყნების" სიაში არ შეუყვანია, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც "მწვანე ქვეყნებიდან" ჩამოდიან, ორკვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა. 

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 8 ივლისიდან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, უპირობოდ ხსნის საზღვრებს ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის: გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის.

ამ ხუთი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებს საქართველოში კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ.

საზღვრები იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. როგორც ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, საქართველოს მოქალაქეებს ასევე 8 ივლისიდან შეუძლიათ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა იქიდან დაბრუნებულებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა დასჭირდებათ. კარანტინის გავლა მათ ზემოთ ჩამოთვლილი ევროკავშირის ხუთი ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგაც მოუწევთ.

კომენტარები