საქართველო-აზერბაიჯანი

საგარეო უწყების პრესსამსახური: Haqqin-ის სტატია დეზინფორმაციულია და უამრავ უზუსტობას შეიცავს

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის ცნობით, აზერბაიჯანულმა სახელისუფლებო გამოცემა Haqqin-მა დეზინფორმაცია გაავრცელა, რომელიც უამრავ უზუსტობას შეიცავს.

როგორც გვითხრეს, ეს პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარია და არა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. სტატიაზე უწყებას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, კომენტარზე უარი თქვა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. 

"ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობებს, სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტ გამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა, რომელიც ვითარდება და ღრმავდება, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტს. აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ".

აზერბაიჯანის სახელისუფლებო გამოცემა Haqqin-მა 20 ივლისს სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ "საქართველომ გზა გაუხსნა სერბეთს, რომელმაც, თავის მხრივ, სომხეთს, ტოვუზის დაბომბვისთვის ნაღმტყორცნები მიაწოდა".

Haqqin-ი აზერბაიჯანის სამთავრობო მედიაა. მას მკითხველები ხელისუფლების პოზიციის გასაგებად ეცნობიან.

კომენტარები