იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ვინ არის თამარ ღვამიჩავა, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა

პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივლისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძის შემცვლელად თამარ ღვამიჩავა დანიშნა.

ღვამიჩავა საბჭოს არამოსამართლე წევრი მომდევნო 4 წლის განმავლობაში იქნება.

საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მისი გვარი დღეს პირველად გაიგო.

"მნიშვნელოვანია ისიც, როგორ აირჩია ის პრეზიდენტმა. პროცესი იყო სრულიად გაუმჭვირვალე. არანაირად არ იყო დაკმაყოფილებული დემოკრატიული მმართველობის მინიმალური სტანდარტიც კი. რაც ვიცით კანდიდატებზე, ისაა, რაც პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული უშინაარსო ფოტოები". - ამბობს ჯანეზაშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ღვამიჩავა 1981 წელს გორში დაიბადა.

2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2017 წელს მიიღო სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

თამარ ღვამიჩავას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი კურსი და ტრენინგი, 2008 და 2009 წლებში მონაწილეობდა სახელმწიფო უწყებებში მომუშავე საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ ტრენერთა საკვალიფიკაციო სემინარში ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში.

2010-2011 წლებში Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამით სწავლობდა PHD დოქტორანტურის საფეხურზე ბულგარეთში, რუსეს უნივერსიტეტში;

2011 წელს გაიარა სწავლების მეთოდიკის მასტერკლასი - ამერიკული სამართლის გაცნობა სტუდენტებისათვის,

2013-2015 წლებში გაიარა თანამედროვე სწავლების მეთოდების, კაზუსების ამოხსნის მეთოდების, ადმინისტრაციულ სამართალში კაზუსის განხილვის გერმანული მეთოდის კურსები.

2002 წლიდან დღემდე თამარ ღვამიჩავა მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თავდაპირველად იყო იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის ლაბორანტი, 2003 წლიდან - ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის კათედრის ლაბორანტი, პარალელურად, 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში. 2005 წლიდან დღემდე არის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.

2006 წლიდან დღემდე თამარ ღვამიჩავა აქტიურად საქმიანობს სამეცნიერო სფეროში. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, მეცნიერთა რუსეს კავშირის ჟურნალსა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ჟურნალში, არის ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელოს თანაავტორი, გამოცემული აქვს პროფესორ მაია კოპალეიშვილის 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებული.

კომენტარები