ჩინეთი

ჩინეთში სი ძინპინის კრიტიკისთვის უძრავი ქონების მაგნატი პარტიიდან გარიცხეს

ჟენ ჭიციანგი
AP

ჩინეთში უძრავი ქონების მაგნატი და მილიარდერი ჟენ ჭიციანგი ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს. ჟენ ჭიციანგი სახელმწიფოს მიერ მართული დეველოპერის, ხუაიუენის უძრავი ქონების ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელია. 

ხუთშაბათს პეკინის მუნიციპალურმა ანტიკორუფციულმა სამეთვალყურეო ორგანომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჟენ ჭიციანგი “დისციპლინისა და კანონის უხეში დარღვევისთვის” ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს. 

ჟენ ჭიციანგი პარტიის მიმართ “რწმენის დაკარგვაში”, “პარტიის და ქვეყნის იმიჯის შებღალვასა” და პარტიის მიმართ არალოიალურობაში დაადანაშაულეს.

გარდა დისციპლინის და კანონის უხეში დარღვევისა, სამეთვალყურეო ორგანოს ცნობით, ჟენ ჭიციანგი სამთავრობო თანხებს იყენებდა გოლფის თამაშისთვის და უკანონოდ იღებდა დიდი რაოდენობით შემოსავალს. 

უძრავი ქონების მაგნატს უკანონოდ მიღებული შემოსავალი ჩამოერთვა და მას სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა.

თებერვალში უძრავი ქონების მაგნატმა თავის ესეში ჩინეთი ეპიდემიის გამო გააკრიტიკა და პრეზიდენტს ჯამბაზი უწოდა, კომუნისტური პარტია კი თავისუფალი სიტყვის ჩახშობისა და დისიდენტების მიმართ არატოლერანტულობისთვის გააკრიტიკა. მან ასევე აღნიშნა, რომ თავისუფალი პრესის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვამ ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლას და ხელი შეუწყო მდგომარეობის გაუარესებას. 

მარტში ჟენ ჭიციანგი გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ მიმდნარეობდა გამოძიება “სერიოზული დისციპლინარული დარღვევის” გამო.

ჟენ ჭიციანგი წარსულშიც აკრიტიკებდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. 2016 წელს მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სი ძინპინის ბრძანება, რომ მედია პარტიისადმი სრულიად ლოიალური უნდა იყოს. მას პრობაცია შეუფარდეს და Twitter-ის მსგავს ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში საკმაოდ პოპულარული ანგარში დაუბლოკეს.

კომენტარები